რატი გაჩეჩილაძე უკრაინელ მეუღლეზე: კარინას უთქვამს, ავიღებ იარაღასო და ვიცი, რომ ამის გამკეთებელიც არის

რატი გაჩეჩილაძე

მოცეკვავე რატი გაჩეჩილაძის ოჯახს რთული პერიოდი აქვს. უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო გამოწვეული სტრესის დაძლევაში წყვილს ცეკვა შველის.

რატი გაჩეჩილაძე „სარკეს“ საკუთარ ემოციებზე უყვება.

„კარინას რძალი თავისი მეუღლის გარეშე არ ტოვებს ქვეყანას. იმავეს აკეთებს კარინას დედაც. ეს ქალები ქმრებს უდგანან გვერდში. კარინას ძმას ომის დროს კიევში შეეძინა ბავშვი, კიევი დატოვეს, მაგრამ ისევ უკრაინაში არია.

ჩემი მეუღლის მშობლები ზაპოროჟიედან მოშორებით, სოფელში არიან გახიზნული. კარინას მამა ზაპოროჟიეს აეროპორტის დირექტორია. ომი რომ დაიწყო, მამამისი სპეციალურ ბომბსაცავში იყო რამდენიმე დღე, კარინას დედა კი – საცხოვრებელი სახლის სარდაფში. ომის პირველი კვირა განსაკუთრებულად რთული იყო. ყველანაირად ვცდილობდი, რომ კარინასთვის იმედი მიმეცა. რაც კარინას ოჯახი შედარებით უსაფრთხო გარემოშია, შედარებით მშვიდად ვართ.

კარინას უთქვამს, ავიღებ იარაღასო და ვიცი, რომ ამის გამკეთებელიც არის. ღმერთმა ნუ ქნას და თუ ამის აუცილებლობა დადგა, მეც გავყვები ომში გვერდით. ჩვენში მებრძოლი სული ძლიერია“, - ჰყვება გაჩეჩილაძე.