რაღაც იღბლის წყალობით, სიკვდილს გადავარჩინეთ ერთი ბიჭი - რას წერს გიორგი კეკელიძე

მწერალი

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე, სოციალური ქსელის მომხმარებლებს შემდეგი სახის ინფორმაციას უზიარებს:

„ყველა ის აფთიაქი, რომელიც ურეცეპტოდ გასცემს ფსიქოტროპულ წამალს, ჩადის საშინელ დანაშაულს.

ახლა, რაღაც იღბლის წყალობით, თვითმკვლელობას გადავარჩინეთ ერთი ბიჭი ერთ-ერთი რეგიონიდან, რომელსაც თბილისის ერთ-ერთ უბანში ბენზოდიაზეპინის ჯგუფის ყველაზე მძიმე პრეპარატი მიყიდეს.

მე შუაღამისას ,,ჩამოვლაზე" ვარ ხოლმე, ყველა იმ პაციენტს ვწერ ან თვითონ მწერენ, ვინც საკუთარი მენტალური პრობლემის გამო ამ თვეებში შემეხმიანა. მასაც მივწერე და სრულიად გაურკვეველი პასუხები გამცა, ბოლოს ძლივს გავარჩიე, რომ უამრავი ტაბლეტი დაულევია და სიცოცხლეს ემშვიდობებოდა. ჩემი მეგობრის, ფსიქოთერაპევტ ლოლა ლომიძის და კიდევ სხვა მეგობრის, ნინი ბიჭიაშვილის დახმარებით, რაღაცნაირად დავადგინეთ ადგილსამყოფელი და ახლა სასწრაფო იქ არის, მთავარია - გადარჩა.

თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი ისაა, რომ პაციენტისთვის ამგვარი მედიკამენტის დალევა უბრალოდ არ შეიძლებოდა - ფსიქოზის რეალური საფრთხის ქვეშ იყო - იმ ფაზაში, რასაც სამედიცინო ენაზე პროდრომს უწოდებენ.

შევიდა აფთიაქში, შფოთვა მაქვსო უთხრა და მიყიდეს პრეპარატი, რომლის განსაკუთრებული სიმძიმეც მე მაქვს გამოცდილი საკუთარ თავზე და პირდაპირ რვა აბი დალია. მერე ალბათ კიდევ დაამატა. ეგ აღარ ვიცი. p.s. ასე მასობრივი არ არის ეს საქმე. ქსელურ აფთიაქში, პასუხისმგებელი ფარმაცევტის გარეშეც კი არ გაძლევენ საღამოს ექვსი საათის შემდეგ. რეცეპტითაც კი. ცალკეული აფთიაქები აკეთებენ ამას. არავითარი ცოდნა ამ ბიჭს არ ჰქონდა თანაც, რამე მინიშნებით მისულიყო - ასე ალალად შევიდა, რაც შეხვდა სამარშუტოს გაჩერებასთან და მისცეს.“,- წერს გიორგი კეკელიძე.