1748675716
„რა წარმოუდგენიათ, სწავლა-განათლებას მივატოვებ, ჩამოვალ და...“ - ქეთა ბაღაშვილი ამერიკულ ცხოვრებაზე და ტრენდზე, რომელმაც სოციალური ქსელები მოიცვა

რამდენიმე დღეა, „ტიკტოკი“ ქართულმა ტრენდმა მოიცვა. გოგონები სატრფიალო სიმღერებზე ვიდეოებს იღებენ და მთიულ-ხევსურ ბიჭებს უძღვნიან. ამის ავტორი კი პროფესიით ჟურნალისტი, ქეთა ბაღაშვილია, რომელიც ამერიკიდან სამშობლოში ერთი დღის წინ დაბრუნდა.
ქეთას ავტორობით, ინტერნეტ სივრცეში ბევრ ბლოგს შეხვდებით, მას სილამაზის ინდუსტრიაშიც კარგად იცნობენ - „ფეისბუკ ჯგუფის“, „ბიუთი ლაბის“ დამაარსებელია.
მას შემდეგ, რაც ტიკტოკ ტრენდით ქეთამ ხევსური ახალგაზრდა, დათა დარიაშვილი გაიცნო, საზოგადოების მხრიდან ინტერესი დიდია. ნაწილი მათგანი ფიქრობს, რომ კარგი წყვილია, ზოგიც ვერ გაერკვია, რა ურთიერთობა აკავშირებთ.
წარმატების გზა საქართველოდან ამერიკამდე და ტრენდი, რომელსაც ქართული აუდიტორიის უდიდესი ნაწილი შეუერთდა - ამ ყველაფერზე ქეთა „პრაიმტაიმთან“ საუბრობს.
ქეთა ბაღაშვილი: ციფრული კომუნების შექმნა ჩემთვის ბევრად უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე მე ამ სფეროში განათლებას მივიღებდი და რაციონალურად გადავწყვეტდი, რომ ეს ჩემი ინტერესის სფერო იყო. მე მგონი, ბავშვობიდან მქონდა მიდრეკილება და სურვილი, ციფრული კომუნების შექმნის და ადამიანების ერთი იდეის, ერთი საყვარელი თემის გარშემო გაერთიანების.
ეს ყველაფერი პირველად რომ გავაკეთე, 13 წლის ვიყავი. ვერ ვხვდებოდი, რატომ ვაკეთებდი, მაგრამ სიამოვნებას ვიღებდი. პირველი ჩემი ციფრული კომუნა „ფეისბუკზე“ იყო, მხატვრულ ისტორიებს ვწერდი, ამის გარშემო თინეიჯერი მკითხველები გავაერთიანე. ეს ყველაფერი, ძირითადად, ინგლისურ ენაზე იწერებოდა, მაშინ ქართველი გოგოები აქტიურად არ წერდნენ. მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი, ვინც თარგმნა კი არა, წერა დაიწყო.
ჩემი ნაწერების გარშემო საქართველოში ყველა თინეიჯერი გოგო გაერთიანდა. ციფრული კომუნების მართვა მხოლოდ პროდუქტის გამოშვება და გაყიდვა არაა. ესაა ის, რასაც დღეს სოციალური მედიის მენეჯმენტს უწოდებენ. ის უნარები, რომლებიც მე მაშინ არც გამომუშავებული და არც ჩამოყალიბებული მქონდა. ამ ყველაფერს სხვადასხვა საინტერესო პოსტით ვფუთავდი, ვაკეთებდი ვიდეოებს, ვაედიტებდი, ვქმნიდი ფოტოებს, მიმებს, მსახიობების ფოტოები მქონდა გადაკეთებულ-გადმოკეთებული... ამ ყველაფერს ინგეიჯმენტისთვის ვაკეთებდი, რაც ჩემი ნაწერების კითხვადობას გაზრდიდა.
დღეს მეცინება, იმდენად პატარა ვიყავი, როგორ ვხვდებოდი და როგორ ვაკეთებდი მაშინ ამას, არ ვიცი. 13 წლის ასაკში ქუჩაში თინეიჯერი გოგონები მაჩერებდნენ და ჩემთან ფოტოებს იღებდნენ, საოცრება იყო.
წლები გავიდა, მხატვრული ისტორიების წერას თავი დავანებე, მაგრამ რახან წერა ძალიან მიყვარდა, ბლოგები დავიწყე, ბევრი ადამიანი აქედან მიცნობს: ვაკეთებდი ჩანახატებს, ლექსებს ვწერდი. ერთ-ერთი ლექსი სოციალურ ქსელში 2 წელი ტრიალებდა, „ჩემი ადამიანი“ ასე ერქვა:
„ჩემი ადამიანი რომ მეყოლება, ტომარას გადავაცვამ თავზე და საწოლის ქვეშ შევაცურებ.
ან ისე მოვხარშავ, როგორც ხილს-ზაფხულში, რომ ზამთარშიც მყავდეს.
ჩემი ადამიანი რომ მეყოლება, ღამით გავიღვიძებ და გათბობას გამოვრთავ,
დილით თბილი საწოლიდან ფეხის გადაყოფა რომ არ მოუნდეს.
ტანსაცმელს დაუთოვებისას ძალით დავუწვავ, რომ არც იმ დღეს წავიდეს სამსახურში.
ყველა საქმე გადადოს და გაყინულ ოთახში, საწოლში დამიბრუნდეს.
ჩემი ადამიანი რომ მეყოლება, ძველ წვნიანს ვაჭმევ და ცუდად რომ გახდება, ექიმს არ მივაბარებ.
საწოლში დავაწვენ და თვითონ მოვუვლი,
თვითონ მოვეფრები,
თვითონ გავუზომავ სიცხეს, რომელიც არც ექნება, მაგრამ მოვატყუებ, რომ აქვს
და რომ უფრო მეტ ხანს უნდა იწვეს ჩვენს საწოლში.
ჩემი ადამიანი რომ მეყოლება,
გავიტაცებ,
მევე შევაშინებ,
გამოსასყიდსაც ჩემს თავს მოვთხოვ და
მევე დავიხსნი.
მე გადავარჩენ და დავაბრუნებ ჩვენი ოთახის ჩამთბარ საწოლში, რომელიც ჩემ გარეშე არც უნდა დაეტოვებინა.
ჩემი ადამიანი რომ მეყოლება,
მოვატყუებ, რომ არც ცურვა ვიცი, არც ცეკვა, არც სიარული, ხანდახან ლაპარაკიც მიჭირს და გავიხარებ, როცა ის მასწავლის და ამით გაიხარებს.
ჩემი ადამიანი რომ მეყოლება,
დაბადების დღეს მარტო მე მივულოცავ.
ყველა ტელეფონს გადავყრი, ყველა წერილს დავფერფლავ და მარტო მე ვეტყვი:
გილოცავ.
მერე, ერთ დღესაც, როცა ჩემს ადამიანს ჩემი წვნიანი მობეზედება,
მიყვირებს,
მეჩხუბება,
დამშორდება,
წავა და მერე ისევ დაბრუნდება,
მაგრამ,
მე აღარ ვაჭმევ გაფუჭებულ წვნიანს და აღარც სიცხეს გავუზომავ ხანდახან.
დილას ჩემი ადამიანი ვერც მიხვდება, რომ არ ცივა, ისე წავა სამსახურში.
რომ პერანგი მთელი აქვს და სუფთა
რომ არც დღეს გვაქვს გუშინდელი სადილი,
რომ დიდიხანია სიცხეს აღარ შეუწუხებია.
მე კიდევ დავწვები და ვიტირებ გამოუყენებელ ტომრებს და დაცარიელებულ ქილებს.
დავწვები და ვიტირებ,
რომ დილაა და მარტო ვარ,
რომ საწოლიდან ადგომას არავინ მასწავლის,
რომ ის იმასაც ვერ მიხვდა,
რომ დიდი ხანია ჩემი ადამიანი აღარაა.“
ეს რომ დავწერე, 18 წლის ვიყავი. ამით უხსნიდნენ ადამიანები ერთმანეთს სიყვარულს. ძალიან დიდი გამოხმაურება ჰქონდა.
მალევე, 20 წლის ასაკში ამერიკაში წავედი, ვიყავი ერთადერთი საერთაშორისო სტუდენტი, რომელსაც 100%-იანი დაფინანსება მისცეს. ერთი სემესტრი ვისწავლე, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე.
დავბრუნდი საქართველოში და „beauty lab“ შევქმენი, საიდანაც ადამიანების უმრავლესობა მიცნობს. „beauty lab“ არის ფეისბუკ ჯგუფი, რომელიც, პირველ რიგში, ქალების გაძლიერებას ემსახურება, აქ არიან სილამაზისა და ესთეტიკის გარშემო შეკრებილი ადამიანები. საქართველოს ქალების დაახლოებით, 10% არის გაწევრიანებული. ეს ჯგუფი მომხმარებლებსა და სილამაზის კომპანიებს შორის გახდა ხიდი, გაუმჯობესდა მომსახურების სფერო, შეიცვალა მიდგომები და ა.შ. ბევრი მიმართულებით განვვითარდით. აღარ ვისაუბროთ იმ საკითხებზე, როგორ ვასწავლეთ ქალებმა ერთმანეთს გვერდით დგომა, ტუშის სწორად წასმა, კანის დატენიანება, რუტინების შექმნა, ჯგუფს ყველა მიმართულებით, პოზიტიური გავლენა ჰქონდა.
2019 წელს GITA-ს 100 000 ლარიანი გრანტი მოვიპოვე, ეს თანხა სრულიად ჩაიდო აპლიკაციაში, რომელიც სალონებისთვის სამენეჯმენტო პროდუქტი გახდა. ხალხი ამ აპლიკაციით სალონურ პროცედურებს ჯავშნიდა.
ამ აპლიკაციის შემდეგ, უკვე მეორედ, ამერიკამ სწავლა დამიფინანსა და წავედი. წელიწად-ნახევარია ნიუ იორკში ვარ, მაგისტრატურაზე, ვსწავლობ მედია ბიზნეს მენეჯმენტს, ანუ იმას, რასაც მთელი ცხოვრებაა ვაკეთებ. გამოცდები დავასრულე და ახლა, 2 კვირით ჩამოვედი. სავარაუდოდ, ზაფხულში ვეღარ ჩამოვალ, ჩემები ძალიან მომენატრნენ, თან იმხელა სიყვარული მოდიოდა ტიკტოკიდან, რომ არ ჩამოვსულიყავი, არ შეიძლებოდა.
მაისში სწავლას ვამთავრებ, დარჩენის უფლება კიდევ მაქვს და ვაპირებ ეს დრო გამოვიყენო, მინდა, ცოდნა პრაქტიკით გავაღრმაო. ხალხი ხედავს, რასაც ვსწავლობ, ისევ საქართველოს ვახმარ, კარგი კომუნების ჩამოყალიბებას ვცდილობ.
- ამერიკულ ცხოვრებაზე გვიამბე, მარტო ყოფნა ხომ არ გიჭირს?
- ბევრი მეგობარი მყავს, ამაში ისიც დამეხმარა, რომ იქ ადრეც ვცხოვრობდი. ზოგადად, ძალიან მეგობრული ვარ, მარტივად შემიძლია ურთიერთობაში შესვლა. თუმცა, რამდენი მეგობარიც უნდა გყავდეს, თავს მაინც მარტო გრძნობ.
ტიკტოკზე რა კონტენტიც შევქმენი, ამით ძალიან ვამაყობ. პერსონალურად ჩემთვის, ეს სიცარიელის შევსებაცაა. უცხოეთში მარტო რომ ხარ, მეგობრებისა და საყვარელი ადამიანების გარეშე, ზოგი ვლოგებს წერს, ზოგი სხვა ფორმატს მიმართავს... სიმარტოვისა და მოწყენილობის განცდა რომ გეუფლება, გეხმარება. 2020 წლიდან მაქვს ტიკტოკი, ყოველთვის ბევრი გამომწერი მყავდა, მაგრამ ბოლო პერიოდში, ძალიან დიდი რაოდენობით სიყვარული და პოზიტივი წამოვიდა. ვის არ სიამოვნებს თბილი და სიყვარულით სავსე ტექსტების მიღება?!
- ახალი ტრენდის იდეა საიდან წამოვიდა?
- ყოველთვის სხვადასხვა თემატიკაზე ვწერდი ვიდეოებს, ერთ დღეს, ნინო ჩხეიძის სიმღერა შემხვდა, თუ არ ვცდები, „თუშია ქალაუ“, გამეფიქრა, როგორ მიყვარს ეს ქართული სიმღერები და ყველა დამცინის, რას უსმენო. ხოდა, ახლა გამოვალ და ვიტყვი, დიახაც, ქართულ სიმღერებს ვუსმენ მეთქი (იცინის).
ტექსტში ხევსურები და თუშები არიან ნახსენები, მიყვარს ისინი, მთაზე ხომ საერთოდ ვგიჟდები. ვიფიქრე, ვიტყვი, რომ არა თუ ვუსმენ, ტექსტსაც და სათაურსაც ვეთანხმები მეთქი (იცინის). იმ მომენტში, სპონტანური გადაწყვეტილება იყო, ოღონდ რეალურ ამბავზე - მართლა ვუსმენ ამ სიმღერებს და მართლა მიყვარს მთის ხალხი.
მერე რომ შევატყვე, ამ ყველაფერმა დიდი ინტერესი გამოიწვია, სტრატეგიულად მივუდექი და კონტენტი დავგეგმე.
- ყველაზე დიდი გამოხმაურება დათა დარიაშვილთან ჩაწერილ დუეტს მოჰყვა. რატომღაც, ხალხი ფიქრობს, რომ თქვენი ურთიერთობა მეგობრობაზე მეტია... ზოგიერთს აგრესიაც გაუჩნდა, არაგულწრფელი გიწოდა, ბიჭს გულს ატკენსო...
- დათასთან რომ დუეტი ჩავწერე, ამის პარალელურად, სხვა ბიჭებთან და მილიონ ადამიანთან, იგივე დუეტს ვაკეთებდი, აქ არაფერი პირადული არ იყო. ვისაც საინტერესო კონტენტი ჰქონდა, ყველას ვადუეტებდი.
დათა არაჩვეულებრივი ადამიანია, უსაყვარლესი, სწორი ღირებულებების მქონე, უნიჭიერესი. რა დადებითსაც ხალხი მასზე წერს, ნამდვილად ეგრეა. ლაივების მიღმა, ჩვენ ცალკეც ვსაუბრობდით, კარგი მეგობრობა ჩამოგვიყალიბდა. გავიცანი და ვიცი, რომ კარგი ადამიანია.
სინამდვილე არის ის, რომ სასიყვარულო და რომანტიკული განცდები მის მიმართ არც მე მაქვს და არც მას აქვს ჩემს მიმართ. ხალხს კიდევ უყვარს ურთიერთობაში გამოკვეთა, რომ ვიღაც უნდა იყოს ჩაგრული და ვიღაც მჩაგვრელი, აქ ურთიერთობაზე საუბარი საერთოდ არ არის. ჯერ ერთი, ერთმანეთს არც ვიცნობდით, მან არ იცოდა, ვინ ვიყავი, მეც ნამდვილად არ ვიცოდი, ვინ იყო.
მეგობრობის გარდა, სხვა არაფერია, ამ მეგობრობაში არც დაჩაგრულია ვინმე და არც მჩაგვრელი. მგონია, რომ ამ ამბავმა დათას ხელი ბევრი მიმართულებით შეუწყო... ჩვენ მაგაზე საუბარი გვქონდა კიდეც. ვუთხარი, ნებისმიერ დროს, სოციალური მედიის მიმართულებით დახმარება და რჩევა თუ დაგჭირდა, შენს გვერდით ვარ მეთქი.
ისედაც მივეცი ბევრი რჩევა და სანამ აქ ვიქნები, შევხვდები კიდეც. ეს არის ჩემი სფერო - როგორც მე მუსიკა არ ვიცი, ისე შეიძლება მან არ იცოდეს, როგორ გავაკეთოთ ამ ყველაფრის სწორი მენეჯმენტი. ტელეფონზეც ბევრი ველაპარაკე და ვასწავლე, ძალიან ნიჭიერი ბიჭია, ძალიან სწორად მიჰყავს თავისი კონტენტი. უბრალოდ, ხალხს რაღაცების თავისებურად დანახვა უყვარს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. აქედან გამომდინარე, გამოჩნდა, რომ ვიღაც გულდაწყვეტილია. ბოლო რამდენიმე დღეა, ხალხისგან ბევრი სიყვარული მოიპოვა, ძალიან მიხარია. მგონია, რომ ნიჭიერი ადამიანები იმსახურებენ, ხალხმა მათ შესახებ იცოდეს.
- ამით პასუხიც გაცემულია, როგორ გაგრძელდება თქვენი ურთიერთობა...
- მეგობრები ვართ. ჯერ მარტო, მე საქართველოში არ ვცხოვრობ. რა წარმოუდგენიათ, იქ სწავლა-განათლებას მივატოვებ, ჩამოვალ და ტიკტოკზე, ლაივში გაცნობილ ბიჭს ცოლად გავყვები? ეს ხომ აბსურდია.
კიდევ ერთხელ ვიტყვი, ძალიან, ძალიან დიდ პატივს ვცემ დათას, არაჩვეულებრივი თვისებებით თავი ძალიან შემაყვარა, თუმცა, ეს არის თავიდან ბოლომდე მეგობრულ ჭრილში და ამის გარდა, არაფერი ხდება.
მე ყოველთვის მისი გულშემატკივარი ვიქნები, რომ გავიგო ვინმემ აწყენინა, გული ატკინა, ძალიან გავბრაზდები და ყოველთვის მისი ქომაგი ვიქნები. ეს იქნება ზუსტად ისე, როგორც ჩემი დანარჩენი მეგობრების შემთხვევაში.
- 2 კვირაში დაბრუნდები ამერიკაში, ალბათ ახალ ტრენდსაც მალე შემოგვთავაზებ...
- მაქვს რაღაც იდეები, ახლა ვცდილობ, რომ თავი მოვაბა და საქართველოში ყოფნის პერიოდში განვახორციელო. ამ ტრენდამდეც სულ რაღაცებს ვწერდი, თიმცა, ეს იყო მასშტაბური და იმიტომ მიიქცია ყურადღება. ძირითადად, ყოველთვის აქტიური ვიყავი, არაფერი შეცვლილა. როგორც იყო, ისევ ისე გაგრძელდება ყველაფერი.
ადრე მოფიქრებული მქონდა, რომ ვიყავი 17 წლის დედა და ხელში ჩემი დისშვილი მეჭირა. ხალხმა დაიჯერა. დათაზეც რომ რაღაცებს მაბრალებენ, როგორ შეიძლება ეს სერიოზულად მივიღო. იმ ვიდეოში 25 წლის ვარ, ვიძახი, 17 წლის დედა ვარ მეთქი. ბიზნეს საქმეებზე რომ მირეკავდნენ, ქეთა, პატარა როგორ გყავსო, მეკითხებოდნენ. ხალხო, რა პატარა როგორ მყავს, მე ვარ პატარა, ვეუბნებოდი (იცინის) ძალიან სასაცილო იყო.
@ketabag დამხვდა!!! 😃
♬ original sound - ნინიკო ჭავჭანიძე
- დათას აეროპორტში დახვედრასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თქვა კიდეც, რომ ღელავდა. შენ რა ემოცია ჰქონდა?
- ღელვა არა, სიხარული მქონდა. ვიცოდი, რომ ადამიანი შეწუხდა, მოვიდა... ინტერნეტი დიდხანს არ მქონდა, ბოლო 5 საათი გათიშული ვიყავი და ხალხის რეაქციებს ვერ ვუყურებდი.
აეროპორტში ჩემი ოჯახის წევრები იყვნენ, კიდევ ერთი მეგობარი, რომელიც 2 წლის უნახავი მყავდა. იქ ბევრი ადამიანი იყო, ვისი ნახვაც ჩემთვის ამაღელვებელი იყო. მე არც ვარ ეგეთი ტიპაჟი, რომ მენერვიულა. დიდი აუდიტორიების წინაშე გამოვსულვარ, მილაპარაკია საჯაროდ, ესენი გადალახული მაქვს.
დათას იმიტომ კი არ ჰქონია ღელვა, რომ რაღაც გრანდიოზული მოხდა მის ცხოვრებაში - იქ მოვიდა ტიკტოკ ტრენდიდან, ხუმრობა-ხუმრობაში. იქ დახვდა ჩემი საახლობლო, რომლებმაც საერთოდ არ იციან, ვინ არის ის. ექნებოდა ღელვა, რა თქმა უნდა. ჩემი ძმა მივიდა, დაელაპარაკა, უთხრა, ნუ ნერვიულობო. დამეგობრდნენ კიდეც. მე რომ მივსულიყავი სადმე და დათას ოჯახის წევრები დამხვედროდნენ, მეც უხერხულად ვიგრძნობდი თავს...
ასევე ნახეთ: