რა საფრთხეს შეიცავს ბავშვებისთვის ბატუტზე ხტომა - რის შესახებ გვაფრთხილებს ამერიკის ორთოპედთა ასოციაცია

ბატუტი

 „იმედის დღის" ეთერში ბატუტით გამოწვეულ შესაძლო საფრთხეებზე ორთოპედ-ტრავმატოლოგმა ბიძინა კანაშვილმა ისაუბრა. აღმოჩნდა, რომ ტრავმის საშიშროება მცირე ასაკში იმდენად დიდია, ამერიკის ორთოპედთა ასოციაციამ 6 წლამდე ასაკის ბავშვებში ბატუტის გამოყენება აკრძალა. ამერიკაში ინდიანას უნივერსიტეტის მეცნიერებმა ამ თემას მასშტაბური კვლევა მიუძღვნეს. გადახედეს სტატისტიკას და საზოგადოებას მოუწოდეს, ნუ ენდობიან ბრმად ბატუტებს, რომლებიც გასართობ პარკებში, მით უმეტეს, სახლის ეზოებში დგას.

„როგორც წესი, კანის ზედაპირული ტრავმები, ალერგია გვხვდება, მაგრამ ჩვენთან მოდიან პაციენტები, რომლებსაც ღრძობა ან მოტეხილობა აღენიშნებათ. მოტეხილობა კიდურის ზედმეტი გადაშლითაა გამოწვეული. ბავშვებს უხარიათ, როდესაც ხტომისას უფრო მეტ პოტენციალს ავლენენ და ფიქრობენ, რომ დამატებითი ძალა შეიძინეს. მნიშვნელოვანია ის, რომ ბატუტზე მხოლოდ ერთი ბავშვი უნდა იყოს, რაც მეტია ბავშვი, მით მეტია დაზიანების საფრთხე. ამერიკის ორთოპედთა ასოციაციამ მკაცრი რეკომენდაცია გამოაქვეყნა, რომ ბატუტი 6 წლამდე აკრძალულია. მიზეზი ისაა, რომ ამ ასაკში ბავშვების ძვლები ძალიან რბილია. ხტომისას ხშირად საზრდელი ზონები ზიანდება, რაც შემდგომ პრობლემებს ქმნის. მაგალითად, იწვევს კიდურის არათანაბარ ზრდას, ან საერთოდ ზრდაში ჩამორჩენას.

დიდი ყურადღება უნდა მიექცეს იმას, თუ სად დგას ბატუტი. აუცილებელია სწორი, მყარი ზედაპირი და გარშემო თავისუფალი ადგილი, ნაკლებად ახლოს ხეებთან. აუცილებელია უსაფრთხოების ბადეები და ბალიშები. ბადის დასამაგრებელი რკინები კი მთლიანად უნდა იყოს დაფარული, რათა ბავშვები ხტუნვისას მათ რბილად შეეხონ. სპეციალისტების რეკომენდაციით, უნდა განისაზღვროს იმ ბავშვების რაოდენობაც, რომლებიც ბატუტზე იმყოფებიან, რადგანაც დაშავების რისკი დგება მაშინ, როდესაც რამდენიმე ბავშვი ერთდროულად ხტუნავს“ - ამბობს ბიძინა კანაშვილი.