რა საფრთხეები შეიძლება მოჰყვეს პირსინგის გაკეთებას სხეულის სხვადასხვა ნაწილში - ზაზა თელიას რჩევები

დერმატოლოგი

რა საფრთხეები შეიძლება მოჰყვეს პირსინგის გაკეთებას სხეულის სხვადასხვა ნაწილში - რჩევები დერმატოლოგმა ზაზა თელიამ „რუსთავი 2"-ის გადაცემა  -„დილა მშვიდობისა საქართველოს" მაყურებელს გაუზიარა.

მისივე თქმით, ყველაზე ხშირად პირსინგს ყურის ნიჟარაში, წარბზე, ცხვირზე, ტუჩზე, პირის ღრუში, ენაზე, ძუძუს დვრილებსა და გენიტალიებზე იკეთებენ.

„თუ შევადარებთ ტატუს, ბევრად უფრო საშიშია პირსინგის გაკეთება, ვიდრე სხეულის მოხატვა. არსებობს 2 ტიპის გვერდითი ეფექტი რაც შეიძლება განვითარდეს - ეს არის ადგილობრივი და სისტემური.

ადგილობრივი ბევრად უფრო ხშირია, გააჩნია პირსინგის ადგილს, სწორედ ამის მიხედვით იყოფა გვერდითი ეფექტები და გართულებები. ეს შესაძლებელია იყოს ადგილობრივი ინფექცია და სისტემური ინფექცია როდესაც ყურის ნიჟარის ხრტილის პირსინგი ხდება, ხშირი გართულებაა პერიხონდრიტი, რომელიც ხრტილის ანთებით პროცესს გულისხმობს და როგორც წესი, მისი გამომწვევი მიზეზი არის ანაერობული ინფექცია, რომელიც მიიჩნევა ერთ-ერთ რთულ ინფექციურ გამომწვევ აგენტად და ამ შემთხვევაში ხშირად ხდება საჭირო ანტიბიოტიკური თერაპია.

ასევე ხშირი გართულებებია ალერგიული რეაქციები. როგორც წესი პირსინგისათვის უჟანგავი რკინა გამოიყენება, ნიკელი და რაც მთავარია, ოქრო. ორგანიზმი სწორედ ამ სამ მეტალს ეგუება. თუმცა უნდა აღინიშნოს, ნიკელზეც ხდება ხოლმე ალერგიული რეაქციები და ეს შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ადგილას. ენის პირსინგის შემთხვევაში ყველაზე ხშირი გართულება ეს არის კბილის მოტეხილობა, რადგან ის ხშირად იჭედება კბილებს შორის. ეს შესაძლებელია ძილშიც კი მოხდეს, რა თქმა უნდა, ჭამის დროსაც.

აღსანიშნავია, რომ პირსინგმა შესაძლებელია გამოიწვიოს ინფექციური ენდოკარდიტი, როდესაც ხდება გულის ინფექციური დაავადება. ეს ყველაზე ხშირად ხდება ძუძუს დვრილის და ჭიპის პირსინგის შემთხვევაში. ასევე C და B ჰეპატიტები ხშირი სისტემური გართულებებია.

ხდება ნაწიბურების განვითარებაც იმ ადგილებში, სადაც ხდება პირსინგის გაკეთება. ასევე, შესაძლებელია ინფექცია განვითარდეს შემდგომ პერიოდში - რამდენიმე დღეში, კვირაში ან თვეში," - ამბობს ზაზა თელია.

ვისთვის არ არის რეკომენდებული პირსინგის გაკეთება?

შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტებისთვის, ადამიანებისთვის, რომლებიც იღებენ სტეროიდებს, ასევე რომლებიც იღებენ სისხლის გამათხელებლებს.

​აკრძალული ზონები:

პირის ღრუ, ყურის ხრტილის პირსონგი, ძუძუს დვრილის და გენიტალიები

მოვლის მეთოდები:

„მათ ვინც პირსინგს იკეთებს უნდა გამოიყენოს ანტიბაქტერიული ტიპის მალამოები, საცხები, თუ პირის ღრუზეა საუბარი სავლები. თუ შეამჩნია ტკივილი, სიწითლე და გამონადენი, ტემპერატურის მატება, ეს უკვე არის ის ნიშნები, როდესაც დაუყონბლივ უნდა მიმართოთ დერმატოლოგს და შესაძლოა პირსინგის მოხსნის საჭიროებაც დადგეს," - ამბობს დერმატოლოგი.