რა დროს არის საშიში ზოოპარკიდან ბუნებაში გაშვებული ცხოველი – ზურაბ გურიელიძე ოთხფეხა ბინადრებზე

ზოოპარკი

თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე ფიქრობს, რომ კონსერვაციის ცენტრის ეგიდით მოქმედი ზოოპარკები ერთადერთი გზაა ბუნებაში გადაშენების პირას მყოფი ცხოველთა სახეობების აღსადგენად და გადასარჩენად.

ზოოპარკის დირექტორი ამბობს, რომ ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ცხოველებთან ურთიერთობა, რადგან პატარები ამით უდიდეს ემოციას იღებენ. ჩაკეტილ სივრცეში ცხოველების ყოფნას კი თავისი მისია აქვს და, შესაბამისად, ზოოპარკების არსებობა აუცილებელია.

გურიელიძე ამბობს, რომ როდესაც ცხოველი გადაშენების პირასაა, უნდა მოხდეს მისი გამრავლება და შემდეგ – ბუნებაში დაბრუნება. ამ პროცესზე მუშაობა მიმდინარეობს, მაგრამ ეს ძალიან ხანგრძლივი პროცესია, რადგან ადამიანებს შეჩვეული ცხოველის ბუნებაში გაშვება დიდი საფრთხის შემცველია.

„ცხოველის მიჩვევაც რთული პროცესია და გადაჩვევაც. თუ ზოოპარკიდან ბუნებაში გაშვებულმა მტაცებელმა ნადირობა ვერ ისწავლა, ის შეიძლება საფრთხედ იქცეს ადამიანისთვის, რადგან ბუნებაში გასული ისევ მათ მიადგება და ალბათ ზიანსაც მიაყენებს. გადაშენების პირას მყოფმა ცხოველებმა უნდა მიაღწიონ გარკვეულ რიცხოვნობას, თორემ ერთი ინდივიდის ბუნებაში გაშვება არაფერია. ეს მეცნიერებაა, რომელსაც ჰქვია კონსერვაციული ბიოლოგია და თავისი პრინციპები აქვს. როდესაც სახეობის გადარჩენაზეა ლაპარაკი, ეს მხოლოდ ერთი ზოოპარკის საქმე არ არის, ის მთლიანად კონსერვაციული საზოგადოების საქმეა. უნდა გავითავისოთ, რომ არსებობენ ცხოველები და მათაც ისევე აქვთ თანაცხოვრების უფლება, როგორიც ჩვენ. სხვა შემთხვევაში, გადაშენების პირამდე მივლენ“, –  მოგვიყვა ზოოპარკის დირექტორმა.

ზურაბ გურიელიძე ბავშვებს ურჩევს, ზოოპარკების ბინადრები ხშირად მოინახულონ, რადგან ეს მნიშვნელოვანია  მათი ცნობიერების ჩამოსაყალიბებლად და ცხოველების უკეთ გასაცნობად.

„დედამიწაზე არსებული ცხოველთა სახეობების 35% ზოოპარკების მიერ არის გადარჩენილი – ეს ოფიციალური სტატისტიკაა და სწორედ ადამიანების მიერ წარსულში ჩადენილმა ქმედებებმა განაპირობა ეკოსისტემის ამდაგვარად შეცვალა. კარგად მესმის იმ ადამიანების, ვისაც ძალიან აწუხებთ ვოლიერში ჩაკეტილი ცხოველების ბედი, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ უდიდეს სამსახურს უწევს ზოოპარკი ველურ გარემოს“,- ამბობს ზურაბ გურიელიძე EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.