რა დაავადებებს იწვევს საავტომობილო საცობი

საცობი

საცობი ჩვენი ქალაქისთვის იშვიათობას არ წარმოადგენს. თუმცა გუშინ დედაქალაქის თითქმის ყველა უბანში მოძრაობა ისე იყო გადატვირთული, რომ მგზავრები ტრანსპორტს ტოვებდნენ და ფეხით აგრძელებდნენ გზას.

დროის ფუჭად დაკარგვის გარდა, საცობს სხვა უარყოფითი მხარეც აქვს. ექიმების აზრით, ის ჩვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება. საცობში ხანგრძლივად დგომა პროვოცირებს ნერვული, კუჭ-ნაწლავის, გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის დაავადებებს, აუარესებს მეხსიერებას და იწვევს დეპრესიის განვითარებას. სიტუაციის გასაუმჯობესებლად საჭიროა ავტომობილი აღვჭურვოთ ნახშირბადის ფილტრებით, რომელიც აირწინაღის პრინციპით მუშაობს.

ძირითად საშიშროებას წარმოადგენს გამონაბოლქვი აირები, რომლებიც ძლიერად აკუმულირდება საცობში, განსაკუთრებით თუ გზაზე ბევრი სატვირთო მანქანაა. როდესაც მანქანა საცობში იჭედება, შიგნით მავნე ნივთიერებების დონე 40%-ით იზრდება, თუმცა ფანჯრის გაღება მაინც არ ღირს.

გამონაბოლქვი აირები და ნახშირჟანგის ვარიაციები ბოჭავს სისხლს და არღვევს ჟანგბადის მიწოდების უნარს. ეს იწვევს ყურადღების დროებით დაქვეითებას და ჟანგბადის შიმშილს.მეორე საშიშროებას წარმოადგენს აზოტის ოქსიდი და დიოქსიდი. თვალის, ცხვირისა და ბრონქების ლორწოვანთან კონტაქტისას წარმოიქმნება აზოტისა და აზოტოვანი მჟავები, რის შედეგადაც ადამიანი გრძნობს წვას და ქავილს თვალის არეში და სუნთქვისას დისკომფორტს. ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად შეიძლება განვითარდეს ქრონიკული ბრონქიტი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანის ანთება, გულის დაავადებები, ნერვული აშლილობა და დეპრესია. გამონაბოლქვ აირებში ასევე დიდი რაოდენობითაა კანცეროგენები.