ერთმა აბიტურიენტმა საცობის გამო დაიგვიანა, მეორემ კი ცენტრს ვერ მიაგნო - ეროვნული გამოცდების ციებ-ცხელება

ბავშვები

ქართული ენისა და ლიტერატურის ერთიანი ეროვნული გამოცდის პირველი სესია მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნილ საგამოცდო ცენტრებში მიმდინარეობს.

მუხიანის 175-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტი გოგონა 7 წუთის დაგვიანებით გამოცხადდა.

„დავაგვიანე, რადგან ვერ ვიპოვეთ საგამოცდო ცენტრი. ამ უბანში პირველად ვარ“, - ამბობს აბიტურიენტი edu.aris.ge-სთან.

გოგონამ საგამოცდო ცენტრის დირექტორთან, თინათინ ალავიძესთან გასაუბრება ითხოვა, რომელმაც გამოცდაზე დაშვებაზე უარი განუცხადა. ამის შემდეგ აბიტურიენტმა საგამოცდო ცენტრი აღელვებულმა დატოვა.

აბიტურიენტმა კიდევ ერთ, #177-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში, სულ 1 წუთით დაიგვიანა. ის გამოცდაზე არ დაუშვეს.

დაგვიანებულ ახალგაზრდას ადგილზე შეკრებილი მშობლები გამოესარჩლნენ და დაცვის თანამშრომლებს მისი შენობაში შეშვება სთხოვეს.

„1 წუთის გამო 1 წელი უნდა დაკარგოს?!“ – მიმართავდნენ ისინი დაცვის თანამშრომლებს.

მშობლების საპასუხოდ ადგილზე საგამოცდო ცენტრის წარმომადგენელი მოვიდა, რომელმაც ასევე განმარტა, რომ დაგვიანებული აპლიკანტი გამოცდაზე ვერ შევიდოდა.

„მე რომც შევუშვა, სისტემა აღარ გაატარებს გამოცდას”, – უთხრა მან მშობლებს.

როგორც აბიტურიენტმა თქვა, მან გამოცდაზე ქალაქში არსებული საცობების გამო დაიგვიანა.