ქართველი ემიგრანტების სამოყვარულო დასმა ლიეტუვაში ფესტივალზე წარმატებას მიაღწია

ათინათი

ჰოლანდიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების სამოყვარულო თეატრმა „ათინათი“, ლიეტუვაში გამართულ ფესტივალზე წარმატებას მიაღწია.

როგორც  „პრაიმტაიმს“ ნიდერლანდების სამეფოში მცხოვრებმა ემიგრანტმა, სამოყვარულო თეატრ „ათინათის“ ხელმძღვანელმა, ნათია ახვლედიანმა განუცხადა,  მსახიობის ნიჭით დაჯილდოებულმა  ემიგრანტებმა ლიეტუვას ქალაქ კაუნასის ფესტივალზე - „მასკარადი“, ნოდარ დუმბაძის მოთხრობა „ჰელადოსის“ მიხედვით დადგმული სპექტაკლი წარმოადგინა.

„მართალია, უცხოეთში ვცხოვრობთ, მაგრამ ჩვენი ყოველდღიური საფიქრალი საქართველოა. ვცდილობთ, სამოყვარულო თეატრ „ათინათის“ წევრებმა მაქსიმალური გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნის სახელისთვის. ენთუზიაზმი რომ არა, ვერ შევძლებდით ნიდერლანდების სამეფოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ემიგრანტები, პერიოდულად შევიკრიბოთ ამსტერდამში და ჩავატაროთ რეპეტიციები. ამ გასტროლისთვის მადლობას ვუხდით რეჟისორ ბადრი წერედიანს.  ჩვენს სამოყვარულო თეატრს დიდი და საინტერესო გეგმები აქვს, რაც ისევ და ისევ საქართველოს პოპულარიზაციას მოემსახურება“, - განაცხადა ნათია ახვლედიანმა.

ფესტივალზე ქართველი ემიგრანტების გარდა, სპექტაკლი ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიულმა დასმაც წარმოადგინა. ქართველი ემიგრანტების სპექტაკლს ლიეტუვაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და კონსული დაესწრნენ. ნიდერლანდების სამეფოში დაფუძნებული ქართველების თეატრალური დასის მასპინძელი ჰანა შუმილაიტე გახლდათ, რომელსაც საქართველოსთან დიდი მეგობრობა აკავშირებს და ის ერთადერთი ლიეტუველი ქალია, რომელსაც საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ პრიზი „ქართული თეატრის მეგობარი“ გადასცა.

„საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანია ქართული კულტურა გასაგები გახადო უცხოელებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლში არაპროფესიონალი მსახიობები მონაწილეობენ, არაჩვეულებრივად გაართვეს თავი დაკისრებულ როლებს. მადლობა ჰოლანდიაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს. ისინი ჭეშმარიტი თეატრალები არიან და დარწმუნებული ვარ, კიდევ არაერთხელ ასახელებენ საქართველოს“, - განაცხადა სპექტაკლის რეჟისორმა, ბადრი წერედიანმა.

თეატრი „ათინათი“ „ჰელადოსს“ ჰოლანდიასა და ბელგიის სამეფოში 2023 წლის თებერვალში წარუდგენს მაყურებელს. ასევე, იგეგმება სხვა სპექტაკლების დადგმაც, რაც უცხოეთში ქართული კულტურის პოპულარიზაციას მოემსახურება. 

„პირველ წარმატებაზე ბევრია დამოკიდებული. ბედნიერების განცდა დაგვეუფლა,  ჩვენი სათქმელის მიტანა რომ შევძელით მაყურებლამდე. მით უფრო, ისინი უცხოელები არიან.  ჩვენი თეატრის დასის ნიჭიერმა წევრებმა კიდევ ერთხელ ასახელეს საქართველო“, - თქვა თეატრის პიარ-მენეჯერმა,  ნატალი ჩადუნელმა.

ნიდერლანდების სამეფოში სამოყვარულო თეატრი „ათინათი“ 2021 წელს,  გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ემიგრანტმა ქალბატონმა, თინათინ ახვლედიანმა დააფუძნა.