ქართულ-აზერბაიჯანული სამართლებრივი ფორუმის შედეგად ერთობლივი დეკლარაცია შემუშავდა

iusticia

სამართლებრივი ფორუმი, რომლის მიზანი საქართველოსა და აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროებს შორის გამოცდილების გაზიარება და სამართლებრივი ურთიერთობის გაღრმავებაა, წელს პირველად ჩატარდა და ერთობლივი დეკლარაციის შემუშავებით დასრულდა.

ღონისძიება იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ შეაჯამა. თამარ ტყეშელაშვილმა ფორუმის მონაწილეებს – საქართველოსა და აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროების, სასამართლო ხელისუფლების, პროკურატურის, ადვოკატთა კორპუსის წარმომადგენლებს – ნაყოფიერი და საინტერესო მუშაობისათვის მადლობა გადაუხადა და ერთობლივი დეკლარაციის  მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დარგობრივ თანამშრომლობას კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს.

ქართულ-აზერბაიჯანული სამართლებრივი ფორუმი ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა. ღონისძიება საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და მისმა აზერბაიჯანელმა კოლეგა ფიქრათ მამადოვმა გახსნეს. ფორუმის ფარგლებში აზერბაიჯანის დელეგაციამ შეხვედრები გამართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურ თორნიკე რიჟვაძესა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე მანანა კობახიძესთან.

ქართულ-აზერბაიჯანული სამართლებრივი ფორუმი ყოველწლიურად გაიმართება და მას საქართველო და აზერბაიჯანი მორიგეობით უმასპინძლებს.