„ენი მამარდაშვილი“ - გიორგი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს
1732306288
იტალიელი თეატრისა და კინოს მსახიობი, ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოს, ოსკარის მფლობელი, საყოველთაოდ აღიარებული, როგორც იტალიური კინოს საუკეთესო მსახიობი სოფი ლორენი იუბილარია, მას 88 წელი შეუსრულდა.
ჩვილობაში სოფიას ლაქტოზისადმი არატოლერანტობა ჩამოუყალიბდა, რის გამოც ვერც მშობლის და ვერც ძროხის რძეს ირგებდა. ბავშვი უკიდურესად გამხდარი იყო და მისი გადარჩენა სათუოდ მიაჩნდათ. დედა სოფიას მარტო ზრდიდა, მიუხედავად იმისა, რომ მამამისის, რიკარდოს დაბრუნების იმედს არ კარგავდა. თუმცა მამისგან ბავშვს მხოლოდ გვარი, შიკოლონე ერგო.
სოფიას წარმატება პროვინციული სილამაზის კონკურსით დაიწყო, 14 წლის ასაკში. დედამისმა ქუჩაში ნანახ განცხადებაზე „გინდა გახდე ზღვის პრინცესა?“ მიიღე მონაწილეობა კონკურსში!“ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა ურჩია. ამ კონკურსისთვის სოფიას დედამ კაბა ფარდებისგან შეუკერა. ჟიურიმ მეორე ადგილი მიაკუთვნა.
ლორენის ყველაზე ცნობილი ფილმებია: „მილიონერი ქალი“, „ეს დაიწყო ნეაპოლში“, „გუშინ, დღეს, ხვალ“, პიტერ უსტინოვის „ლედი ლ“, „არაბესკა“, „გრაფინია ჰონგ კონგიდან“.
სოფი ლორენი პირველია ქალ მსახიობებს შორის, რომელსაც ყველაზე მეტი საერთაშორისო ჯილდო აქვს მიღებული.
ლორენი მხოლოდ ერთხელ გათხოვდა და მთელი ცხოვრების მანძილზე ქმრის ერთგული დარჩა. სოფი ცნობილ იტალიელ პროდიუსერს, კარლო პონტის პირველად 1950 წელს შეხვდა. მაშინ ის 15 წლის იყო, კარლო კი 37-ის. მათ 1957 წლიდან ერთად ცხოვრება დაიწყეს, თუმცა პონტი ჯერ კიდევ პირველ ცოლზე, ჯულიანაზე იყო დაქორწინებული, რადგან იტალიური კანონი არ აძლევდა ცოლთან განქორწინების უფლებას. სოფი ლორენმა და კარლო პონტიმ საოცარი ცხოვრება განვლეს. მათ დევნიდნენ. ერთი პერიოდი ისინი იტალიაში ვერც კი ჩადიოდნენ, რადგანაც პონტის ორცოლიანობაში ედებოდა ბრალი, რაც კანონით ისჯებოდა.
სოფის ორი ვაჟი ჰყავს - ედუარდო და კარლო.
11-წლიანი პაუზის შემდეგ 2020 წელს ლორენი კინოს დაუბრუნდა. 86 წლის ხელოვანი Netflix-ის სატელევიზიო დრამაში, The Life Ahead (La vita davanti a sé), გამოჩნდა, რომლის რეჟისორიც მისი შვილი, ედუარდო პონტია.
ფილმში ლორენი მადამ როზას თამაშობს. ჰოლოკოსტს გადარჩენილ ებრაელ ქალს, რომელიც გარდაცვლილი სექსმუშაკის შვილებს აღზრდაში ეხმარება. მასთან ერთად იგი ერთხანს თავად მუშაობდა. მოგვიანებით, მადამ როზა 12 წლის სენეგალელ ბიჭს, მომოს, დაუმეგობრდება, რომელმაც მისი სასანთლეების მოპარვა სცადა.
ლორენის თქმით, დიდი სიამოვნებით დასთანხმდა შეთავაზებას, ეთამაშა პერსონაჟი, რომელიც საკუთარ დედას აგონებს. ამ დრომდე ლორენმა პონტისთან ორჯერ ითანამშრომლა, მათგან ყველაზე ბოლო 2002 წლის ფილმს, უცხოთა შორის, უკავშირდება.
სოფი ლორენმა პირველი ოსკარი 1961 წელს მიიღო, ფილმისთვის ორი ქალი. ამერიკული კინოაკადემიის მეორე ჯილდო მსახიობმა 1991 წელს დაიმსახურა „დასამახსოვრებელი შესრულებით მდიდარი კარიერისთვის, რომელმაც ხელოვნების ჩვენეულ აღქმას მარადი ელვარება შესძინა“.
გთავაზობთ ლორენის ცნობილ ფრაზებს:
იდეალური სილამაზე – მხოლოდ ბრიყვული ილუზიაა.
სექსუალურობა – მხოლოდ 50 პროცენტითაა ქალის მიმზიდველობა, დანარჩენ 50 პროცენტს მამაკაცის წარმოსახვა ავსებს.
ქალს, რომელიც საკუთარ სილამაზეშია დარწმუნებული, არც მამაკაცის დარწმუნება გაუჭირდება.
მომხიბვლელობა – სილამაზის უხილავე მხარეა, რომლის გარეშე ვერასდროს გახდება ქალი მამაკაცისთვის სასურველი.
ჭკვიან ქალს კაცი პატივს სცემს, ლამაზი – მოსწონს და მხოლოდ ის ახსოვს ყოველთვის, რომელმაც ოდესღაც უთხრა უარი.
სისადავე – ელეგანტურობის არსია.
სილამაზე – ის სიკეთეა, რომლისთვისაც ყოველთვის ღირს ბრძოლა.
არაფერი არ ალამაზებს ქალს ისე, როგორც საკუთარი თავის რწმენა.
ქალი, რომელსაც საკუთარი მამაკაცის ნაკლი არ უყვარს, ვერც მამაკაცის შეყვარებას შეძლებს ვერასდროს.
ქალის საუკეთესო იარაღი მამაკაცის წინააღმდეგ – მისივე მდიდარი ფანტაზიაა.
სამოსი – ყველაზე მარტივი საშუალებაა ინდივიდუალურობის უსიტყვოდ გამოსახატად.
ცხოვრებაში ყველაფერი უნდა მოსინჯო და უმეტესობა სამუდამოდ დაივიწყო.
კაცი ყველა ღირსებით – ნამდვილი სასჯელია ქალისთვის.