ქალი, რომელიც ახალი წლის ღამეს დედამთილის საფლავზე ხვდება - მიზეზზე ის თავად საუბრობს

martoxela

რამდენიმე წლის წინ, ჩვენს დღევანდელ რესპონდენტს შევხვდი. მას შემდეგ, ყოველ ახალ წელს, ირმა მახსენდება, ყოველ წელს ვურეკავ და ტრადიციულ კითხვას ვუსვამ - დღესასწაულს ისევ დედამთილის საფლავზე შეხვდი?! ისიც ტრადიციულად მპასუხობს - რა თქმა უნდა... 

„ყოველ ახალ წელს დედამთილის საფლავზე ვხვდები”, ირმა თავის თავგდასავალს „პრაიმტაიმის” მკითხველს უზიარებს. ჩვენ გასაგები მიზეზების გამო რესპონდენტის ვინაობას არ ვაკონკრეტებთ, რადგან ეს საზოგადოების რისხვისგან ირმას შვილის დაცვის ერთადერთი გზაა. აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ქალის საუბრის პირობაც შვილის დაცვის გარანტიაა და მისი დარჩენილი ცხოვრების მიზანი – პატარაზე ზრუნვა და დედამთილის წინაშე ჩადენილი ცოდვის მონანიება…

„23 წლის ვიყავი, როცა უდიდეს ცოდვაში ფეხი ჩავდგი. ჩვენი დიდი სანათესავოს და ახლობლების წრეში მკვლელი ვარ, ასე მიმიჩნევენ და მეც ასე ვთვლი… საქმე ისაა, რომ კაზინოს მახეში გავები, ამით აუნაზღაურებელი ზიანი შვილს, მშობლებს, ქმრის ოჯახს მივაყენე და ალბათ, იმიტომ გადავრჩი, რომ მთელი ცხოვრება მონანიებას და შვილის მომავლის შექმნას შევალიო.

შეძლებულ ოჯახში დავიბადე, უდარდელი ცხოვრება მქონდა. ვოცნებობდი, რომ თავდავიწყებით შემყვარებოდა ვინმე და ოჯახი შემექმნა, თანაც მართლა საუკეთესო სტუდენტი ვიყავი, მაგრამ მამამ 19 წლისა თავისი კომპანიონის შვილს მიმათხოვა. მგონი, არც ქმარს სურდა ჩემი ცოლად შერთვა. გადაგვიხადეს ქორწილი, გვიყიდეს საქორწინო ტანსაცმელი და ბეჭდები, მაჩუქეს საუკეთესო­ მზითევი და გაგვიშვეს საქორწინო მოგზაურობაში.

მალევე დავფეხმძიმდი. სახლში დამხმარეც მყავდა, ბავშვის ძიძაც, მაგრამ მას არავის ვაკარებდი. ვფიქრობდი, რომ ეს ერთი ციდა ბავშვი ერთადერთი იყო, ვინც გამიგებდა… პატარა 3 წლის იყო, როცა ჩემი მამამთილი გარდაიცვალა, ქმარი წამალსა და თამაშზე დამოკიდებული გახდა და მამამთილის ბიზნესწილი გაყიდა. რამდენჯერმე რეაბილიტაციის ცენტრში ვაწვენდით, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ, ყველაფერი თავიდან იწყებოდა.

მაშინ, დედამთილი საზღვარგარეთ ცხოვრობდა­ და ვერ ხედავდა, რა მდგომარეობაში იყო მისი შვილი, ჩემს ნათქვამს კი არ იჯერებდა.­ მითხრა, ახლობელს ვთხოვე, ყველა­ კაზინო შემოიარა და არც ერთგან არ არის ნამყოფიო. ფიქრობდა, რომ მას ვაბრალებდი და ქვემიზნები მქონდა… ამასობაში ჩემი ქმარი ვალ­ს იღებდა, რომელიც ნარკოტიკებსა და ონლაინკაზინოებში იფლანგებოდა. ბოლოს გაყრა გადავწყვიტე, მაგრამ მამაჩემმა – ქმარია და უნდა ზიდო ეგ ჯვარიო, მითხრა. მოგვიანებით გავიგე, რომ ის „ახლობელი”, რომელსაც დედამთილმა კაზინოების შემოვლა სთხოვა, მამაჩემი ყოფილა…

რამდენიმე თვეში აღმასრულებელი მოგვადგა… სახლი დავკარგეთ და მეც შვილსა­ და მეუღლესთან ერთად მამაჩემს მივადექი. მამამ სიმართლე რომ გაიგო, ვერ გაუძლო და ინფარქტით გარდაიცვალა. როგორც ერთადერთმა მემკვიდრემ, მისი ქონება­ მე მივიღე. იმის გამო, რომ არც მე და არც დედას მუშაობის გამოცდილება არ გვქონდა, კომპანიის მართვა ჩემმა მულმა თავის თავზე აიღო,­ ჩემი ქმარი კი თავის „საქმიანობას” მშვიდად განაგრძობდა – ახლა ჩემს ნათესაობასთან დაიდო ვალი. იძულებული გავხდი, ბინა გამეყიდა და შედარებით პატარა ბინაში გადავსულიყავი, ქმარი კი სახლიდან გავაგდე.

მერე ჩემი მული დედასთან წავიდა საცხოვრებლად და კომპანიის მართვა მე დავიწყე. ერთი წელი წყნარად ვიცხოვრეთ… მერე მოულოდნელად კარზე მული და დედამთილი მომადგნენ – საზღვარგარეთ პრობლემები შეგვექმნა და ცოტა ხანს შეგვიფარეო. ერთ საღამოს კი ნათესავი მესტუმრა და საშინელი რამ მითხრა – შენს ქმარს ბინა ბანკში ჩავუდე და ვკარგავო… წესით, განქორწინებული­ ქმრის შეცდომის გამოსწორებაზე აღარ უნდა მეზრუნა, მაგრამ ხუთი შვილის დედა შემეცოდა, რომ უბინაოდ დარჩენილიყო…

ერთადერთი, რაც ჩემს სახელზე მქონდა, ბიზნესი იყო და სწორედ მაშინ მივიღე საბედისწერო გადაწყვეტ­ილება – ვიფიქრე, თავს ვერაფერი დამაკარგვინებს-მეთქი და ონლაინკაზინოს ვებგვერდზე დავრეგისტრირდი. პირველ მცდელობაზე 300 დოლარით 5 000 დოლარი მოვიგე. მაშინვე მოვხსენი ანგარიშიდან და ნათესავს მივურბენინე. შევპირდი, ერთი თვე დამაცადე და ჩემი ყოფილი ქმრის ვალს სრულად გადავიხდი-მეთქი, კიდევ 40.000 უნდა მეშოვა.­ ამ თანხის მოგების იმედით ყველა­ფერი წავაგე… ვცხოვრობდი ფულის შოვნიდან წაგებამდე და წაგებიდან ფულის შოვნამდე­.

ამ საზარელ წრეზე სიარულში გარშემო ვერაფერს ვამჩნევდი. ვეღარც ბავშვს ვუვლიდი… გამოვიტანე დედამთილ-მამამთილისა და ჩემი მშობლების ნაჩუქარი ძვირფასი სამკაულები და ლომბარდის კარიც შევაღე… ესეც წავაგე… გავიდა დათქმულ დროზე მეტიც და ნათესავი სახლში მომადგა. დედა შემეხვეწა, სამკაულები გაყიდე და რასაც მოგცემენ, ის მაინც მიეციო. ვერ ვუთხარი, რომ აღარ მქონდა… დედამთილმაც თავისი ნაჩუქარი­ ძვირფასეულობის დაბრუნება მთხოვა. როცა აღმოაჩინა, რომ ვერაფერს მივცემდი, ნერვიულობით ისიც გარდაიცვალა. დედამ როგორც კი გაიგო, რომ თამაშზე დამოკიდებული გავხდი, ისიც გამომეცალა ხელიდან. დავკარგე ბინაც და ყველაფერი, რაც გამაჩნდა…

ცოტა ხანს მეგობრებმა შემიფარეს. ნათესა­ვები არ მიკარებდნენ – მათთვის მე დედამთილის მკვლელი ვიყავი. ქუჩაში­ დავრჩი. ერთხელაც სკვერში აღმოვჩნდი ღამის­ გასათევად და მაშინ გავაცნობიერე ყველაფერი – მოვკალი ჩემი დედამთილი, დავკარგე დედა, შვილიც მამიდას შესციცინებდა, რადგან ის უწევდა დედობას… ქუჩიდან ფსიქიატრიულ განყოფილებაში აღმოვჩნდი. კლინიკაში გონს რომ მოვედი, სიკვდილი მინდოდა. ვფიქრობდი, რომ კლინიკიდან გასული თავს მოვიკლავდი. სამ თვეში გამომიშვეს, მაგრამ თავის მოკვლა ვერ შევძელი.

ამასობაში უკვე, 6 წელი გავიდა. მუშაობა დავიწყე, სარდაფი ვიქირავე სამსახურთან, რომ გზის ფული არ დამეხარჯა და შვილისთვის ფული შემეგროვებინა. ცოტა ფეხზე რომ დავდექი, მულთან მივედი, დედის გარდაცვალების გამო ბოდიში­ მოვუხადე, ჩემს შვილზე ზრუნვისთვის კი მადლობა გადავუხადე… წელს, მე-5 ახალი წელი იყო, რომელსაც დედამთილის საფლავზე შევხვდი და პატიება ვთხოვე. მან იცის, რომ ონლაინკაზინოსთან ყველაფრის შენარჩუნების სურვილმა მიმიყვანა, მაგრამ ყველაფერი სწორედ იქ დავკარგე… ახლა ჩემთვის მთავარია შვილისთვის შევქმნა რაღაც, მოვინანიო მიუტევებელი ცოდვა და ვუთხრა, რომ მისთვის ფეხზე დადგომა შევძელი.

ჩემს სარდაფში შუქსაც არ ვანთებ. ვყიდულობ ერთჯერად სუპებს. სამი წელი ვმუშაობდი მაღაზიის მენეჯერად, უკვე ორი წელია, სხვადასხვა კომპანიების ბუღალტერიასაც ვაკეთებ, რათა დამატებითი შემოსავალი მქონდეს. პანდემიამდე, სანამ თურქეთის საზღვრის გადალახვის საშუალება მქონდა, თვეში ერთხელ, დასვენების დღეებში, თურქეთში დავდიოდი. ფეხით დამქონდა უზარმაზარი ჩანთები და იქიდან ჩამოტანილ ტანსაცმელს ვყიდდი. პანდემიის განმავლობაში კი, ბინებს ვალაგებ. გამომუშავებული თანხა კი სრულად ბანკში, ანაბარზე შემაქვს.

რამდენიმე თვის წინ ბინის ყიდვა შევძელი, ახლა შვილის სწავლის ფულის შეგროვება დავიწყე. არ მოვკვდები, სანამ დათუნას ფეხზე არ დავაყენებ, თვით სიკვდილის ანგელოზს შევებრძოლები და მას ჩემი შვილის კარგად ყოფნისთვის სიკვდილის თამაშში დავამარცხებ. თან დრო მჭირდება, სიკვდილამდე ჩემი ცოდვები უნდა მოვინანიო. მერე სადმე, მთაში წავალ და იქ მოვკვდები…

მე ის დავიბრუნე, ახლა უკვე ერთად ვართ. ჩვენ ჩვენი პატარა, მაგრამ ყველაზე მყუდრო ნავსაყუდელი შევქმენით. დათუნამ ისევ ადამიანად მაქცია, მიზნები დამასახინა და შემასრულებინა. 

გგონიათ, მორალისტების რისხვა მაშინებს? რა უნდა თქვან ისეთი, რაც აქამდე საკუთარ თავზე არ მსმენია? არ ვამხელ სახელსა და გვარს ისევ და ისევ დათუნასთვის. მისი პატარა, ისედაც დაჩაგრული გული ვერ გაუძლებს დაცინვას. ასე შვილს ვიცავ…” – ამბობს ირმა.