მიხეილ ჩოხელს შეუძლია 2 904 900 დოლარის ლეგალური წარმომავლობის დადასტურება - ადვოკატი

გაგი მოსიაშვილი

მხეილ ჩოხელს შეუძლია დასახელებული 2 904 900 აშშ დოლარის ლეგალური წარმომავლობის დადასტურება და ამის დამადასტურებელ დოკუმენტაციას საქართველოს პროკურატურას უახლოეს პერიოდში წარვუდგენთ. ამის შესახებ ჩოხელის ადვოკატის გაგი მოსიაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.

"2025 წლის 22 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურის მიერ, გავრცელებულ იქნა ინფორმაცია, მიხეილ ჩოხელის და მისი ოჯახის წევრის საბანკო სეიფებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, 2 904 900 აშშ დოლარის ამოღების თაობაზე.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, განვმარტავთ შემდეგს: მიხეილ ჩოხელი წლებია დასაქმებულია კერძო სექტორში და ეწევა ლეგალურ ბიზნეს საქმიანობას, საიდანაც ოფიციალურად დადეკლარირებული აქვს სოლიდური შემოსავლები, როგორც ბიზნეს საქმიანობიდან, ასევე პირადი ქონების გასხვისების ფარგლებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2018-2025 წლებში, მას ჯამში მიღებული აქვს დაახლოებით 15 000 000 მილიონი ლარი.

დასახელებულ ინფორმაციასთან შეუზღუდავი წვდომა აქვს საქართველოს პროკურატურასა და სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელ საგამოძიებო დანაყოფებს, რადგან ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები ასახულია შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ მონაცემთა ბაზებში, რასაც ჩვენის მხრიდანაც წარვუდგენთ გამოძიებას.

მიუხედავად ამისა, საქმის მაღალი ინტერესის მოტივით, საქართველოს პროკურატურა, რომელსაც ევალება სრულყოფილი და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის - ახდენს მიხეილ ჩოხელის იდენტიფიცირებას ფულად თანხებთან მიმართებაში და სოციუმის არასწორ, ცალმხრივ ინფორმირებას იმგვარად, რომ თითქოსდა მიხეილ ჩოხელის საბანკო სეიფებში ნანახია უკანონო ფულადი თანხები.

დასახელებული 2 904 900 აშშ დოლარის ლეგალური წარმომავლობის დადასტურება, მიხეილ ჩოხელს შეუძლია და ამის დამადასტურებელ დოკუმენტაციას წარვუდგენთ საქართველოს პროკურატურას უახლოეს პერიოდში.

იმედს ვიტოვებთ, საქართველოს პროკურატურა, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით აწარმოებს საქმეზე ობიექტურ გამოძიებას, რაც დაადასტურებს მიხეილ ჩოხელის უდანაშაულობას," -  ნათქვამია განცხადებაში.