1774382695
პატრიარქის უკანასკნელი განსასვენებელი - სიონის საპატრიარქო ტაძარში ხალხის ნაკადი არ წყდება
სიონის საპატრიარქო ტაძრამდე მისასვლელი გზა დღესაც რთული გასავლელია, თუმცა მაინც მოდიან დიდი ნუგეშით და ყველა მადლიერებით სავსე. სიონის კედლებში ახლა ქართველების სულიერი მამა განისვენებს. ის იმედი, რომელიც მრევლს ზეციური სამყაროდან ლოცავს.
პატრიარქობის მძიმე ჯვარი სწორედ ამ ტაძარში მაშინ იკისრა, როცა თავის სამშობლოს ყველაზე მეტად უჭირდა. დღეს სიყვარულს ქართველი ერი მას უკან უბრუნებს. მისი სულიერი შვილები მწუხარებით, თუმცა ამაყად იხსენებენ, მის ქადაგებებს და მის მზიან ღამეებს.
სიონის ტაძარში არ წყდება ხალხის ნაკადი. ზოგი ყვავილებით ხელში, ზოგიც სანთლებით. რიგითი ადამიანები და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები. ილია მეორის საფლავს დღეს პატივი მიაგეს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმაც.
პანაშვიდები სიონის ტაძარში ყოველდღე აღევლინება. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის საფლავზე მისვლა მრევლს დილის 08:00 საათიდან საღამოს 10:00 საათამდე შეუძლია. დროებით იმოქმედებს შეზღუდვებიც. სრულ მოწესრიგებამდე პატრიარქის საფლავთან მიახლოება აკრძალული იქნება.
ნახევარი საუკუნის მანძილზე პირველად, ხვალ ილია მეორის გარეშე, სიონის ტაძარში შეკრებილი მრევლი ისტორიულ თარიღს გაიხსენებს. სწორედ 1917 წლის 25 მარტს დაიბრუნა საქართველომ ავტოკეფალია. ილია მეორის დამსახურებით კი ანტიოქიამ ის 1990 წელს აღიარა.
ქართველი ერის მწუხარებას იზიარებენ სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები. სასულიერო პირები ამერიკიდან საქართველოში ერთი მიზნით - ილია მეორის ხსოვნის პატივსაცემად ჩამოვიდნენ.
ილია მეორის "მზიანი ღამეები" 93 წლის ასაკში დასრულდა. დასრულდა ქართველი ხალხის ერთობით, რომელმაც მსოფლიოს კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ კავკასიაში არის ქვეყანა, რომელსაც პატრიარქის საქართველო ჰქვია.












