მკვლელობის დღეს ახლობლის პანაშვიდზე იყო... - რა არის ცნობილი ვაკეში მოკლულ ლევან ჯანგველაძეზე
1742033137
პარლამენტმა უნივერსიტეტის 18-24 წლის სტუდენტების ფსიქიკური ჯანმრთელობისა და სერვისებზე ხელმისაწვდომობის კვლევის მიგნებების შესახებ ღონისძიებას უმასპინძლა. ახალგაზრდების ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ კვლევის შედეგები პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხების კომიტეტის ეგიდით გამართულ შეხვედრაზე გაეროს ბავშვთა ფონდმა (იუნისეფი) წარადგინა.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა.
„მნიშვნელოვანია ახალგაზრდების მენტალური ჯანმრთელობის საკითხები, რომელიც საბოლოო ჯამში, ჯანსაღი საზოგადოების განვითარებას უზრუნველყოფს. ჩვენ ვერ განვსაზღვრავთ და განვჭვრეტთ როგორი იქნება მომავალი, მაგრამ იმისდა მიხედვით, როგორ ყურადღებას ვაქცევთ ბავშვებს, რა ინვესტიციას ვდებთ მათში, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ როგორი მომავალი გვექნება ხვალ. ფსიქიკური ჯანმრთელობა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რადგან ის განსაზღვრავს ცხოვრების ხარისხს და, ზოგადად, საზოგადოებაში ჰარმონიის არსებობას“, - განაცხადა ღასან ხალილმა.
მან იმედი გამოთქვა, რომ დღევანდელი შეხვედრა საფუძველს ჩაუყრის პარლამენტის კომიტეტებისა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, უნივერსიტეტებთან შექმნილ ბავშვთა უფლებების ცენტრების მჭიდრო თანამშრომლობას.
როგორც ღასან ხალილმა აღნიშნა, იგი ამ დღეებში ასრულებს საქმიანობას საქართველოში. მან მადლობა გადაუხადა პარლამენტის წარმომადგენლებს იმ მხარდაჭერისთვის, რასაც საქართველოში მისი თითქმის ხუთწლიანი პერიოდის განმავლობაში იღებდა.
პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი მეძმარიაშვილმა ღასან ხალილს კომიტეტის სახელით საპატიო სიგელი გადასცა.
შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით ასევე მიმართეს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრმა გივი მიქანაძემ, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა ლომინაძემ და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ, რომლებმაც ახალგაზრდების ფსიქიკური ჯანმრთელობისა და სერვისებზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე, აღნიშნული მიმართულებით სტუდენტების აღზრდა-განათლების აუცილებლობაზე ისაუბრეს.
კვლევის ძირითადი მიგნებების პრეზენტაცია გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა ნანა ფრუიძემ, იუნისეფის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებში ახალგაზრდა მრჩეველთა ჯგუფის წარმომადგენელმა თინანო გველესიანმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა და საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების თავმჯდომარემ ეკა ჭყონიამ გამართეს.
ღონისძიებაში კანონმდებლებთან ერთად, მონაწილეობდნენ აღმასრულებელი ხელისუფლების, სახელმწიფო უნივერსიტეტების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები.
კვლევა გაეროს ბავშვთა ფონდის დაკვეთით კვლევითმა ორგანიზაცია „ანოვამ“ განახორციელა. უნივერსიტეტების დონეზე კვლევას კოორდინაციას გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით შექმნილი ბავშვთა უფლებების ცენტრები უწევდნენ. ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების და ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის შესწავლის მიზნით სხვადასხვა უნივერსიტეტის სამი ათასამდე სტუდენტი გამოიკითხა.