განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქვეყნებს შორის ვაჭრობის გაძლიერებაზე, რაც ხელს უწყობს ქართული პროდუქციის ექსპორტს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში - მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრთან შეხვედრაზე

მარიამ ქვრივიშვილი

 საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები - ვაჭრობის, ინვესტიციების, უძრავი ქონების, ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ენერგეტიკისა და ტურიზმის მიმართულებებით.

ხაზი გაესვა საქართველოს ეკონომიკის სწრაფი ზრდის დინამიკას. შეხვედრაზე საუბარი შეეხო არაბთა გაერთიანებული საამიროების მხრიდან საქართველოს ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების განხორციელების მიმართ არსებულ მაღალ ინტერესზე. ქართულმა მხარემ ისაუბრა საქართველოს მსხვილ სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის, ვაზიანის ახალი აეროპორტის მშენებლობაზე.

"განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქვეყნებს შორის ვაჭრობის გაძლიერებაზე, რაც, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს ქართული პროდუქციის ექსპორტს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ასევე, აქცენტი გაკეთდა ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. გაზრდილია ინტერესი ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციებზე, ისევე, როგორც უძრავი ქონების, სტუმარმასპინძლობის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში.

შეხვედრისას განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოზე, რომელმაც ძალიან გააძლიერა მისი როლი შუა დერეფნის კონტექსტში, ჩვენ ამომწურავად ვისაუბრეთ იმ უმსხვილესი საინვესტიციო პროექტების შესახებ, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს," - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ამასთან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, შეხვედრებზე განხილული იქნა ეკონომიკური თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტები.

"მიმოვიხილეთ, როგორც ქვეყნებს შორის მიმდინარე ეკონომიკური თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტები, ასევე საუბარი შეეხო მიმდინარე საინვესტიციო პროექტებს სხვადასხვა მიმართულებებით, როგორც ლოგისტიკის, ასევე ენერგეტიკის მიმართულებებით და მიმოვიხილეთ პერსპექტიული საინვესტიციო პროექტები, მათ შორის სტუმარმასპინძლობის მიმართულებით," - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

✕