„პანიკაში ვარ, მირჩევნია ჩემს სამშობლოში მოვკვდე...“ - რას ამბობენ თურქეთში მცხოვრები ქართველები

ქართველი თურქეთში

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულია 3 ქართველი, 2-ს კი ამ დრომდე ეძებენ.

თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები სტიქიის ღამეს ემოციების გარეშე ვერ იხსენებენ. მოსახლეობაში ამ დრომდე პანიკაა და მიწისძვრის განმეორების შიში არსებობს. მათი უმეტესობა საცხოვრებელ სახლებში შესვლას ვერ ბედავს.

საქართველოს მოქალაქეები ამბობენ, რომ მუდმივ კონტაქტზე არიან როგორც ადგილობრივ მთავრობასთან ასევე, საქართველოს ელჩთან.

„ამ წუთში არის ძალიან დიდი პანიკაა. მოსახლეობა გარეთაა, კარვებში ცხოვრობენ, შენობებში ვერ შემოდიან. 2 საათია რაც შემოვედით ჩვენ სახლში და ვზივართ შიშით. ამ წუთში ბიძგები არ იგრძნობა, მაგრამ გუშინ გამთენიისას, 6 საათზე საშინელი ბიძგი იყო“, - განაცხადა თურქეთში მცხოვრებმა ქართველმა, ია ბირკაძემ.

„მე პანიკაში ჩავვარდი, მირჩევნია ჩემს სამშობლოში მოვკვდე. აქ ამხანაგები ვინც ვართ, ვეხმიანებით ერთმანეთს, ვლაპარაკობთ და ეს არის ახლა აქ ჩვენი ცხოვრება.

ძალიან გახარებულია თურქეთი რომ საქართველომ ასე ხელი შეუწყო და გვერდში უდგას," - აღნიშნვს თურქეთში მცხოვრები ქართველი, ლია ზაქარიაძე.

ცნობისთვის, თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრის მსხვერპლი უკვე 15 000-ს აჭარბებს.