ნევროლოგი საყურადღებო მიმართვას ავრცელებს - „ხშირად პრობლემის საფუძველი ხანგრძლივი სტრესია“

ტომოგრაფია

გადაცემაში ახალი დღე ნევროლოგმა, გოგიტა გეგელაშვილი, სამედიცინო კვლევების აუცილებლობასა და მათ მიზანშეწონილობაზე ისაუბრა. ექიმის თქმით, გამოკვლევების მოცულობას მხოლოდ სპეციალისტი უნდა წყვეტდეს და ეს პროცესი აუცილებლად საჭიროებაზე და კლინიკურ სურათზე უნდა იყოს დაფუძნებული.

გეგელაშვილის განმარტებით, ხშირად პაციენტები ზედმეტად იტარებენ კვლევებს, განსაკუთრებით კი ხერხემლის ტომოგრაფიას. მისი თქმით, „ათიდან ცხრა ადამიანი ხერხემალს იღებს აბსოლუტურად უსარგებლოდ“, რადგან ასაკთან ერთად ხერხემლის წანაზარდები თითქმის ყველას აღენიშნება და მათი აღმოჩენა ყოველთვის პრობლემას არ ნიშნავს.

ნევროლოგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თავის ტვინის კვლევაც მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს. მისი თქმით, ზოგჯერ კვლევის პასუხში აღმოჩენილი მცირე გლიოზური კერები კლინიკურ მნიშვნელობას არ ატარებს და პაციენტში უსაფუძვლო შფოთვას იწვევს.

ექიმის განცხადებით, არსებობს როგორც აუცილებელი, პერიოდულად ჩასატარებელი კვლევები, ასევე — გაფართოებული დიაგნოსტიკური გეგმები, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ექიმის პროფესიულ გამოცდილებასა და შეფასებაზე უნდა იყოს დაფუძნებული.

გეგელაშვილი ასევე შეეხო „ტვინის ნისლის“ თემას, რომელიც განსაკუთრებით აქტუალური გახდა კოვიდპანდემიის შემდეგ. მისი თქმით, კოვიდინფექციამ შესაძლოა იმუნური მექანიზმების გავლენით ტვინზეც იმოქმედოს, თუმცა ხშირად პრობლემის საფუძველი ფსიქოლოგიური დატვირთვა და ხანგრძლივი სტრესია, რაც პანდემიის პერიოდში საზოგადოებამ განიცადა.

ნევროლოგი აღნიშნავს, რომ მეხსიერების დაქვეითება ან კონცენტრაციის პრობლემები ყოველთვის ორგანულ დაზიანებას არ უკავშირდება და ხშირ შემთხვევაში გადაღლილობასა და ფსიქოემოციურ მდგომარეობას უკავშირდება.