„მწვანე პასპორტის“ გაუქმების მიუხედავად, ამირან გამყრელიძე ბიზნესსექტორს ურჩევს, მაინც მოითხოვონ

ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში "მწვანე პასპორტის" მოთხოვნის ვალდებულების გაუქმების მიუხედავად, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში მოქალაქეები მის გარეშე ვერ შევლენ.

ამასთან, გამყრელიძე ბიზნესის ობიექტებს ურჩევს, „მწვანე პასპორტები“ მაინც მოითხოვონ და ამბობს, რომ ეს ყველა ობიექტმა თავად უნდა გადაწყვიტოს.

გამყრელიძე იმედოვნებს, რომ ბიზნესსექტორი "მწვანე პასპორტის" მოთხოვნას გააგრძელებს.

"ვაქცინაცია და აცრები გახლავთ პანდემიასთან ბრძოლის მთავარი იარაღი, ამას აფიქსირებს საბჭო. პანდემიის შეჩერების მთავარი გზა გადის ვაქცინაციაზე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას აცრისკენ, იქნება "მწვანე პასპორტი" დაშვებული თუ არა. დღეს გამოცხადდა, რომ სავალდებულო არ იქნება "მწვანე პასპორტი". ჩემი გადასახედიდან, მთელი რიგი ბიზნესებისთვის რეკომენდებულია მათი მოთხოვნა, ეს მათი გადასაწყვეტია.

მოგიყვანთ ჩვენს მაგალითს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში მობრძანდით. ვერ შემოხვალთ, თუ არ აჩვენებთ თქვენს აცრის, ტესტირების სტატუსს, ანუ "მწვანე პასპორტი" აქ მუშაობს. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ბიზნესი ამას გააგრძელებს, მაგრამ დღეს განხილული იყო მისი ვალდებულება, რომელიც ამ ეტაპზე მოხსნილია," - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე საკითხთან დაკავშირებით მან საკუთარი პოზიცია დააფიქსირა და აღნიშნა, რომ შიდა დისკუსიებზე საჯაროდ არ ისაუბრებს.

"სოციალურ ქსელში იყო საუბარი თერმოსკრინინგის გაუქმებაზეც, დაავადებათა კონტროლის ცენტრს მიგვაჩნია, რომ ეს არის დისციპლინის და წესრიგის ერთ-ერთი მთავარი იარაღი დღეს, რომელიც მნიშვნელოვანია პანდემიასთან ბრძოლისთვის. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, მიუხედავად იმისა, რომ ვაცნობიერებთ, "მწვანე პასპორტი" დღეს უკვე დიდ როლს არ თამაშობს ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებში, ცენტრს ჰქონდა თავისი პოზიცია, რომელიც დააფიქსირა საბჭოზე. არ აქვს მნიშვნელობა, მე ვეთანხმებოდი თუ არა "მწვანე პასპორტის" მოთხოვნის ვალდებულების გაუქმებას, საბჭოს შიდა დისკუსიები გარეთ არ გამომაქვს. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს კონსენსუსის პრინციპით. ჭორაობას ვერ დავიწყებ, სერიოზულ ადამიანად მივიჩნევ ჩემს თავს.

"მწვანე პასპორტი" გახლდათ და გახლავთ მხოლოდ ერთი სეგმენტი ვაქცინაციის სტიმულირების. ამისთვის კიდევ ბევრი მეთოდი და ინსტრუმენტია. მონეტარული წახალისება მუშაობს, საკომუნიკაციო კამპანიები და მთავარია თვითშეგნება. მარტო ის, რომ ვიღაცას დავადგე მათრახით და გინდა თუ არა, აიცერი, ეს არ იზამს. უნდა დავიჯეროთ, რომ უნდა ავიცრათ. ბევრი მტკიცებულებით დადგინდა, რომ აცრა იცავს გართულებისგან და სიკვდილიანობისგან," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში "მწვანე პასპორტის" მოთხოვნის ვალდებულება უქმდება.