მთა თუ ზღვა, უცხოეთი თუ საქართველო - სად აპირებენ დასვენებას ქართველი პარლამენტარები

დეპუტატები

ზაფხულის ცხელი სეზონიდან გამომდინარე, ყველა ცდილობს, დახარჯული ენერგია ზღვაზე, მთაში, უცხოეთში თუ საქართველოში დასვენებით აინაზღაუროს. „პრაიმტაიმმა“ გაარკვია, სად დასვენებას ანიჭებენ უპირატესობას ქართველი პარლამენტარები. როგორც პოლიტიკოსი რესპონდენტები ამბობენ, მათთვის უპირატესი საქართველოში დასვენებაა, თუმცა აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომლებიც ამბობენ, რომ ზაფხულის ცხელ დღეებში დასვენებას ვერ მოახერხებენ. 

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ დეპუტატი ვახო მეგრელიშვილი:

„ზოგადად, მთაც  მიყვარს და ზღვაც, არჩევანს ვერ ვაკეთებ. რაც შეეხება, საზღვარგარეთ თუ საქართველოში, იქედან გამომდინარე, რომ საზღვარგარეთ იშვიათად  დამისვენია, დიდი სიამოვნებით საზღვარგარეთ დავისვენებდი, თუმცა მომიწევს საქართველოში დასვენება. საქართველოში დასვენება იმიტომ მომიწევს, რომ აქ ბევრი საქმე გვექნება.“

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე:

„მე უპირატესობას ვანიჭებ სვანეთში დასვენებას. ყველაზე კომფორტულად სვანეთში ვგრძნობ თავს, მისი ბუნებით, მისი სილამაზით, სტუმართმოყვარეობით. ძალიან კომფორტულად ვისვენებთ სვანეთში.  მე ზღვა დიდად არ მხიბლავს. სვანეთი შვეიცარიაზე უფრო ლამაზია, თორემ ნაკლები არა. აქ უფრო მეტი კომფორტია“.

„მოქალაქეების“ დეპუტატი ლევან იოსელიანი:

„ძირითადად, სვანეთში, ჩემს სახლში მიყვარს დასვენება. უცხოეთში კი ძალიან იშვიათად ვისვენებ. ძირითადად, დასასვენებლად საქართველოში ვარ“.

„ქართული ოცნების“ დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი:

„უფრო მთაში მომწონს დასვენება, შემდეგ ზღვაზე. ზოგადად, ბუნებასთან სიახლოვე მიყვარს ბავშვობიდან. ცურვა იმდენად არ მიყვარს. რაც შეეხება უცხოეთს, უპირატესობას ვანიჭებ რომს, ის ისტორიული ქალაქია. იქ რამდენჯერაც არ უნდა ჩახვიდე, იმდენჯერ ახალ რამეს აღმოაჩენ“.

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ეკა ხერხეულიძე:

„არ არის კარგი პირობები, 10 წელია არც ზღვაზე ვყოფილვარ და არც მთაში. 10 წელია ჩემი უპირატესობა არის ამ ხელისუფლების წასვლა და მერე ვიფიქრებ დასვენებაზე“.

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ნინო წილოსანი:

„მზე, ზღვა და სითბო. როგორ უნდა ავხსნა, რატომ მომწონს რაღაც, ხასიათი...“.