მორიგი სიყალბე გამოაცხვეს, თითქოს საქართველოს რკინიგზა ბილეთებს რუსულ ენაზე ბეჭდავს - დაჩი ცაგურიას სპეციალური მიმართვა

daCi caguria

მორიგი სიყალბე გამოაცხვეს, თითქოს საქართველოს რკინიგზა ბილეთებს რუსულ ენაზე ბეჭდავს, ეს ბილეთი ეკუთვნის სომხეთის რკინიგზას და სომხეთის რკინიგზის მფლობელი რუსეთის რკინიგზაა, – ამის შესახებ შპს „საქართველოს რკინიგზის“ მგზავრთა გადაყვანის სამსახურის უფროსი დაჩი ცაგურია სოციალურ ქსელში წერს.

„ძვირფასო მეგობრებო, მინდა, გამოვეხმაურო ფეიკნიუსების მომგონებლებს, ფაქტების დამმახინჯებლებს და ფაბრიკაციების უბადლო მცოდნეთა სექტას, სადაც მორიგი სიყალბე გამოაცხვეს, რომ თითქოს საქართველოს რკინიგზა თავის ბილეთებს რუსულ ენაზე ბეჭდავს და რა თქმა უნდა, ატყდა ამბავი – ჩვენ ვართ რუსეთის აგენტები და თან ახლა „ოკუპანტების გასახარებლად“ დაგვიწყია ეს უმსგავსო საქმე.

ამ მავნებელებს მინდა, ვუთხრა, რომ მათ მიერ დადებული ეს ბილეთი არის დამუშავებული ისე, რომ არ ჩანს, თუ რა ბილეთია და ხალხის შეცდომაში შესაყვანად.

წაშლილია მთელი რიგი ინფორმაცია და შეგნებულად დატოვებულია ჩვენი ბლანკის ნაწილი და რუსული წარწერები. მოკლედ, რეალურად არის გაყალბებული და დამუშავებული ერევნის მატარებლის ბილეთი.

აღნიშნულ მარშრუტზე დადის ჩვენი მეზობელი ქვეყნის სომხეთის რკინიგზის საკუთრებაში არსებული მოძრავი შემადგენლობა, მატარებელიც მათია და სამგზავრო ბილეთიც შესაბამისად მათ ეკუთვნის, რომელიც საქართველოს რკინიგზის სალაროებშიც იყიდება.

საქართველოს რკინიგზა ბილეთებს ბეჭდავს „მათ შორის ერევნის რეისზეც“ საქართველოს რკინიგზის არსებულ ბლანკზე ოღონდ იმ დადგენილი წესის შესაბამისად, რაც აგერ უკვე 30 წელია არსებობს და ეს ბილეთებიც ასე გაიცემა ათეულობით წელია. მოკლედ, ძვირფასო „პატრიოტებო“, ეს მატარებელი ეკუთვნის სომხეთის რკინიგზას, (ЗАО «Южно-кавказская железная дорога») ბილეთიც მათია, მოძრავი შემადგენლობაც და კიდევ ერთ დეტალს გაგიმხელთ, თუ ამას თქვენი ფაქიზი გულები გადაიტანს, მაინც იცოდეთ, რომ სომხეთის რკინიგზის მფლობელი რუსეთის რკინიგზაა“, – წერს დაჩი ცაგურია.