„მონასტერში მომხდარი დანაშაულის მიზეზების მედიასაშუალებებისთვის გადაბრალება უკიდურესად საშიში და არასწორია“ - ლომჯარია

ლომჯარია

ლომჯარია აცხადებს, რომ მომხდარი დანაშაულების მიზეზების კონკრეტული მედიასაშუალებებისთვის გადაბრალება ჟურნალისტების მიმართ ფიზიკურ ძალადობას წაახალისებს.

„თერჯოლის ტრაგედიიდან ძალიან მალე უმძიმესი, უსასტიკესი დანაშაული მოხდა ცხრამუხის მონასტერში, მთელი ქვეყანა შეძრულია, მაგრამ ამ დანაშაულის მიზეზების გადაბრალება კონკრეტული მედია საშუალებების წარმომადგენლებისთვის უკიდურესად საშიში და არასწორია. ხვალ შეიძლება ამ განცხადებით წაქეზებული მოქალაქე რომელიმე ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდეს, იძალადოს, რაც გვინახავს უკვე არაერთგზის. არ შეიძლება, სახიფათოა ასეთი თემებით სპეკულირება და უდანაშაულო ადამიანებისგან მტრის ხატის შექმნა.

მინდა, ვუსურვო ძალადობის მსხვერპლ ქალს სწრაფი გამოჯანმრთელება! იმედი მაქვს, ამ მძიმე დროს გარშემომყოფებისგან სათანადო ემოციურ მხარდაჭერას მიიღებს“, - აცხადებს ნინო ლომჯარია.

ცნობისთვის,  26 ნოემბერს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში, დედათა მონასტერში უცნობი პირი შეიჭრა. მონაზონს მძიმე დაზიანებები აქვს მიყენებული, ის კლინიკაში გადაიყვანეს და ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება.