მოდელი სოფი ბერიძე: ბიჭობისას დიეგო მერქვა. მამაჩემი მწვრთნელია და საყვარელი ფეხბურთელის სახელი დამარქვა

სოფი ბერიძე

სოფი ბერიძე 23 წლის ტრანსგენდერი ქალია. მუსლიმი ქართველია, ცხოვრობს მოსკოვში. დაბადებისას დიეგო დაარქვეს, თუმცა როდესაც თავისი იდენტობა განაცხადა, სახელი სოფია მამამ შეურჩია.

გოგონამ საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ მისცა რუს ჟურნალისტს და უამრავ საჭირბოროტო საკითხზე ისაუბრა.

„დაახლოებით 2-3 წლიდან მახსოვს საკუთარი თავი, სხვათა შორის, ბევრ ტრანსგენდერ ადამიანს ახსოვს თავი ადრეული ბავშვობიდან, რატომ? იმიტომ, რომ რთული იყო ჩვენთვის. გეჩხუბებიან, ამას რატომ აკეთებ, იმას რატომ აკეთებ და გამახსოვრდება. 2-3 წლისას გახსოვთ, რას აკეთებდით? მე მშვენივრად მახსოვს, როგორ ვიცვამდი კოლჰოტებს, კაბებს, ქუსლიან ფეხსაცმელს, მახსოვს, როგორ ვისვამდი ტუჩსაცხს და ვკოცნიდი კედელს, როგორც ჩემი დები... არავის სჯერა, რომ ტრანსგენდერი ქალი ვარ. ჩემს თვალებში კითხულობენ, რომ ქალი ვარ“.

 

ორი უფროსი და ჰყავს და ოჯახი მესამე ვაჟსა და მემკვიდრეს მოუთმენლად ელოდა.  დედას გასჭირვებია მშობიარობა და ექიმს უთქვამს - შენ გადაგარჩინო თუ ბავშვიო? 

ბავშვი გადაარჩინე, ჩემს ქმარს ისე უნდა ვაჟი, მზად ვარ, თავი გავწიროო. 

„თუმცა, აღმოჩნდა, რომ მეც გოგო დავიბადე“, - აღნიშნავს ინტერვიუში სოფია.

14 წლისამ გააცნობიერა თავისი იდენტობა ბოლომდე და გადაწყვიტა, ოჯახისთვისაც გაემხილა და ჰორმონების მიღებაც დაეწყო. 

ჯერ შუათანა დას გაუმხილა, რომ მართალია, ფიზიოლოგიუირად ბიჭი იყო, მაგრამ სინამდვილეში გოგოდ გრძნობდა თავს. დამ ძალიან განიცადა და დედას მოუყვა. როცა სოფიამ სამზარეულოდან დედის ქვითინი გაიგონა, მიხვდა, რომ მან ყველაფერი გაიგო. გადაწყვიტა, მამას თავად დალაპარაკებოდა და უთხრა, რომ ბიჭები მოსწონდა. 

- გეი ხარ? - ჰკითხა მამამ.

- არა, გეი არ ვარ, მე არ ვარ ბიჭი, მე ვარ გოგო და მომწონს ბიჭები, - უპასუხა სოფიმ.

ოჯახს ძალიან გაუჭირდა მისი იდენტბის მიღება. ისინი საქართველოში წმაოვიდნენ და თითქმის 1 წლის განმავლობაში არ კონტაქტობდნენ სოფისთან, თუმცა, გაცილებით მეტ თანხას უგზავნიდნენ, ვიდრე მანამდე.

„წარმოგიდგენიათ? ქართველი, კავკასიელი, თანაც მუსლიმი ოჯახისთვის როგორი შესაგუებელია ეს ამბავი? ყველამ ძალიან განიცადა, მაგრამ მე მათზე არ ვბრაზობდი, რადგან ზუსტად ვიცოდი, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ინფორმაციის გადახარშვასა და მიღებას დრო სჭირდება.  ყველას ჰგონია, რომ თუ განსხვავებული ხარ, აუცილებლად მსუბუქი ყოფაქცევის ხარ და გზას აცდები. ამიტომ, ჩემი მშობლები ცდილობდნენ, მეტი ფული გამოეგზავნათ, რომ ჰორმონების ყიდვა შემძლებოდა და ამ ფულის მოსაპოვებლად გზას არ ავცდენოდი. თუმცა, მე თავადაც ვმუშაობდი სხვადასხვა ადგილას და თავის სარჩენად საკმარისს გამოვიმუშავებდი“. - ამბობს სოფია.

გარკვეული პერიოდის შემდეგ ოჯახი შეეგუა შვილის მდგომარეობას და მამამ სახელიც კი შეურჩია.

„მამა ფეხბურთელია, მწვრთნელია და რომ დავიბადე, თავისი საყვარელი გეხბურთელის, მარადონას სახელი - დიეგო დამარქვა და 14 წლამდე ვიყავი დიეგო ბერიძე. შემდეგ ვკითხე, რა დავირქვა, როგორც გოგომ-მეთქი და მითხრა, სოფია დაირქვიო. საბუთებუით ახლაც დიეგო ვარ და არც ვაპირებ, შევიცვალო, მაგრამ საზოგადოებაში ვპოზიციონირებ, როგორც სოფია ბერიძე“. - ამბობს გოგონა.

უამრავ სირთულესთან მოუწია შეჯახება და ნელ-ნელა გადალახა კიდეც. აქვს გაკეთებული რამდენიმე პლასტიკური ოპერაცია სახეზე, რომ ქალური ნაკვთები ჰქონოდა. 

არ აპირებს სქესის შეცვლის ოპერაციის ჩატარებას. „არ მინდა ვაგინა, მე ქალი იმიტომ არ ვარ, რომ ვინმესთან დაწოლა და სექსი მინდა. მე შინაგანად ვარ ქალი, მომწონს მეგობარ გოგონებთან ურთიერთობა, მათთან დროის გატარება, თავის მოვლა... სექსი ნამდვილად არ დგას ჩემთვის პირველ ადგილზე და არც მეორეზე... ეს თემა ჩემთვის მნიშვნელოვანი არაა“ - ამბობს რესპონდენტი. 

სოფიას აქვს მომავლის გეგმები და კმაყოფილია თავისი ცხოვრებით. ახლა უკვე ოჯახიც მხარში უდგას.

„სამი და ვართ, ძალიან მიყვარს ჩემი ოჯახი და ჩემი დედმამიშვილები, ბედნიერი ადამიანი ვარ“. - ამბობს ის. 

 

სოფია მუშაობს მოდელად და გრძნობს პოტენციალს ამ სფეროში. რეგულარულად მონაწილეობს პროფესიონალურ ფოტოსესიებში.

ახლა სოფო გეგმავს ტელეწამყვანობას ან მსახიობობას. უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა და განვითარების პერსპექტივას საქმიანობის შესაბამის სფეროებში ხედავს. დამწყებ არტისტმა უკვე სცადა ძალა Maks Radio-ს გადაცემის, „განსხვავების“ წამყვანად.