აშშ-ის ტენესის შტატში, ასაფეთქებელი ნივთიერებების მწარმოებელ ქარხანაში მასშტაბური აფეთქებისას დაღუპულთა რაოდენობა დაუდგენელია, პოლიციამ ცოცხალს ვერავის მიაკვლია - „ესოშიეთიდ პრესი“

„ესოშიეთიდ პრესი“

აშშ-ის ტენესის შტატში, ასაფეთქებელი ნივთიერებების მწარმოებელ ქარხანაში მომხდარ მასშტაბურ აფეთქებას გადარჩენილები არ ჰყავს – ამის შესახებ ინფორმაციას „ესოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, დაღუპულთა საერთო რაოდენობა და აფეთქების გამომწვევი მიზეზი უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ პოლიციამ ცოცხალს ვერავის მიაკვლია.

„აქ ემოციების ზღვაა. ჩვენ არცერთი გადარჩენილი არ აღმოგვიჩენია“, – განაცხადა ჰამფრის ოლქის შერიფმა, კრის დევისმა.

მან მოსახლეობას მსხვერპლთა ოჯახებისთვის ლოცვისკენ მოუწოდა.

ცნობისთვის, აფეთქება, რომელიც კილომეტრების მოშორებითაც იგრძნობოდა, Accurate Energetic Systems-ის ქარხანაში მოხდა. აღნიშნული კომპანია თავდაცვის, აერონავტიკისა და დემონტაჟის სფეროებში ენერგეტიკული პროდუქტებს აწარმოებს და ქალაქ ნეშვილიდან დაახლოებით 90 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, სულ მცირე, 19 დაკარგულის შესახებ.