არავითარი კავშირი ამ იარაღებთან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არ აქვს - პაატა ბურჭულაძის ადვოკატი შოთა თუთბერიძე

შოთა თუთბერიძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხავენ ხელისუფლების დამხობის საქმის ორგანიზატორებს პაატა ბურჭულაძეს და მურთაზ ზოდელავას.

მათთან სუსის გამომძიებლები ჯერ კიდევ გუშინ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებოდნენ თუმცა მათ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს. ამავე საქმეზე უკვე გამოკითხეს ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი.

საუბარია თბილისის მიმდებარედ, ტყეში სამალავში აღმოჩენილ დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლ იარაღზე, საბრძოლო მასალასა და ასაფეთქებელ ნივთიერებებზე.

გამოძიების ინფორმაციით, 4 ოქტომბერს, პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის პარალელურად, თბილისში უნდა განხორციელებულიყო დივერსიული აქტები.

დაკავებულების ადვოკატები სასამართლოში ახლახან მივიდნენ, ისინი ამბობენ რომ დაზუსტებით არ იციან რა საკითხზე ისაუბრებენ დღეს.

უფლებადამცველების თქმით, გუშინდელი დაკითხვა იარაღებს ეხებოდა, თუმცა პაატა ბურჭულაძის ადვოკატის შოთა თუთბერიძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს იარაღებთან კავშირი არ აქვს.

"არავითარი კავშირი ამ იარაღებთან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არ აქვს. გუშინდელი დაკითხვა სწორედ ამ იარაღებს ეხებოდა, რომელიც სუსის თქმით, იპოვეს ტყის მასივში", - აცხადებს შოთა თუთბერიძე.