,,მინდა, ყველამ იცოდეს, რა ბიჭი იყო ნიკა..." - რას ჰყვება მეგობარი ბიჭზე, რომელიც იორში ძმის გადასარჩენად გადახტა

ნიკა მახარობლიშვილი

სოფელ უჯარმაში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა.

მდინარე იორის არხში ერთი ძმა ჩავარდა, მეორე კი მის გადასარჩენად გადახტა, მაგრამ წყლიდან ამოსვლა ვერც ერთმა შეძლო...

16 და 20 წლის ბიჭების ცხედრები გვიან ღამით, სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა იპოვეს.

გარდაცვლილ ძმებზე ნიკას უახლოესი მეგობარი გვიყვება. მომხდარი ტრაგედიის გამო საუბარი უჭირს, თუმცა უნდა რომ მისი მეგობრის შესახებ ყველამ იცოდეს. 

,,მინდა, ყველამ იცოდეს, რა ბიჭი იყო ნიკა..." , - ამბობს თორნიკე ყრუაშვილი ,,პრაიმტაიმთან".

მისი თქმით, ნიკაც და ივიკოც უიშვიათესი ბიჭები იყვნენ. 

,,არ შემიძლია ნიკაზე წარსულში ლაპარაკი, ჯერ კიდევ არ ვარ გონზე... 24 საათი ყველაფერს ერთად ვაკეთებდით, ჩათვალეთ, რომ ტყუპისცალი დავკარგე. ნიკა მალე 21 წლის გახდებოდა, დაბადების დღის აღსანიშნავად ემზადებოდა. ნიკასნაირი პატიოსანი, მოწესრიგებული, ჭკვიანი, მეგობრული ადამიანი იშვიათია.

პირველი კურსიდან სტიპენდიას იღებდა, წერდა სამეცნიერო სტატიებს და სტუდენტურ ცხოვრებაშიც აქტიურად იყო ჩართული. მასზე მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია.

ივიკო მე-12 კლასში გადავიდა. ორივე არაჩვეულებრივი ბიჭი იყო. 

ნიკას და ივიკოს ერთი პატარა ძმა დარჩათ. ეს უდიდესი ტრაგედიაა, რთულად გადასატანი", - ამბობს თორნიკე ყრუაშვილი.