ინტენსიური თოვის გამო, გზებზე შეზღუდვები დაწესდა - გაფრთხილება მძღოლებს
1732634168
შეუძლებელია ეს ნამუშევრები გულგრილად გაატარო. სხვადასხვა მასალისგან ნაძერწი პაწაწინა ფიგურები საოცარ შთაბეჭდილებას ახდენენ. უყურებ და ფიქრობ, როგორ შეიძლება რეალურზე ასე მიმსგავსებული ნივთები ასე მცირე ზომებში დაამზადო.
მარია ჭიჭიაშვილი-სიყმაშვილის ჯადოსნურმა ხელებმა ისინი ემიგრაციაში ყოფნისას დაამზადა და თუმცა როგორც "პრაიმტაიმთან" ამბობს, ამ ეტაპზე მინიატურებზე სამუშაოდ არ სცალია. სურს, რომ სამშობლოში გამოფენით დაბრუნდეს და საოცარი მინიატურებით გაოცებაში მოიყვანოს თანამემამულეები.
ჯერ პერსონაჟზე ფიქრობს, ემოციურად ემზადება, მასალებს ეცნობა, შემდეგ ამზადებს და შესაბამის გარემოში რომ დააბინავებს, შემდეგ ვიდეორგოლებითაც მოსავს. ამ საოცარ ნამუშევრებს მინიატურულ ფილმებადაც აქცევს, რაც ძალზე ემოციურ სანახაობას ქმნის.
მის გვერდზე შეხვდებით ნიკალას, ფუფალას, ლუარსაბსა და დარეჯანს, თბილისის ქუჩებში, ურნებთან მოსაუბრე ფერად ქალბატონს...
სამშობლოს მონატრება და დედის გარდაცვალებით გამოწვეული დარდი, საოცარ ფილმებს აქმნევინებს.
მარია ჭიჭიაშვილი-სიყმაშვილი: მამა მხატვარი, მოქანდაკე და ფერადი ლითონების მხატვრული ჩამომსხმელი გახლავთ. ის ფაქტი, რომ საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში (და არამარტო საქართველოს მასშტაბით) არის მის მიერ ჩამოსხმული (სხვადასხვა ავტორობით) ძეგლები, იწვევს ჩემში დიდ ემოციას, სითბოს, სიყვარულსა და შინაგან კავშირს ჩემს ოჯახთან.
მახსოვს, ბავშვობაში, როგორ დიდ ინტერესს იწვევდა ჩემში მამას სამუშაო სივრცე; ჩუმად მისი სამუშაო იარაღებიც ამიღია და მის გამოძერწილ ფიგურაზე გადამისვია, მაინტერესებდა როგორ გამოჰყავდა ის ფიგურები ელემენტარული ხის „ჩხირით“.
თუმცა, როცა გავიზარდე, არც მიფიქრია, რომ მე ოდესმე ძერწვას დავიწყებდი. დაინტერესებული ვიყავი სამკაულების დიზაინითა და ფოტოგრაფიით. სამოყვარულო დონეზე შევისწავლე ფოტოგრაფია და 2007 წელს ჩემს სამ ნამუშევარს "წლის საუკეთესო ფოტოს" წოდება მიენიჭა. ამ დროს უკვე ვცხოვრობდი ჩრდილოეთ ესპანეთში. აქ შევქმენი ოჯახი და მყავს ერთი შვილი.
მალე დავინტერესდი კულინარიით და ბრიტანეთში გადასვლის შემდეგ, ინგლისის ტოპ 20-ში შესული ერთ-ერთი რესტორნის მთავარი კონდიტერი გავხდი; მივიღეთ მიშლენის ვარსკვლავიც. ვმუშაობდი "ჰოლიდეი ინის" მთავარ კონდიტერად, მაგრამ ყველაფერზე თავის დანებება მომიწია.
დედის გარდაცვალებამ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. სწორედ ამ ტრაგიკულმა მომენტმა იქონია ჩემს შემოქმედებით მიმართულებაზე დიდი გავლენა. დედის წასვლის შემდეგ, დიდხანს ვგრძნობდი სიცარიელეს, სიტყვებით ვერ ვხსნიდი იმ ემოციებს, რომლებიც ჩემში იყო დაგროვილი.
მინიატურების შექმნის იდეაც სრულიად მოულოდნელად დაიბადა. ვერც წარმოვიდგენდი, რომ სიმშვიდეს მილიმეტრების ზომის რაღაც ფიგურაზე მუშაობა მომიტანდა.
დავიწყე და თითქოს ყველაფერი შეიცვალა და თითოეული დეტალი, თუნდაც უმნიშვნელო, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი გახდა ჩემთვის. მინიატურები ჩემთვის გახდა გზა პირადი სამყაროსკენ, სადაც თითოეული პატარა ნივთი ჩემთვის ძვირფასს, მნიშვნელოვანს და მონატრებულს გამოხატავდა.
როდესაც მინიატურულ კომპოზიციებს ვქმნი, ვგრძნობ, რომ ერთდროულად ვიწყებ რაღაც ახალს, მაგრამ ამავე დროს ვაბრუნებ ძველ, ბავშვობის მოგონებებს. ეს ყველაფერი ჩემთვის ერთგვარი შემოქმედებითი თერაპიაა. მინიატურის შექმნა განსაკუთრებულ მოთმინებასა და ყურადღებას მოითხოვს. თითოეული დეტალი მნიშვნელოვანია, თითოეული ფორმა, ტექსტურა და ფერი ზუსტად უნდა იყოს მორგებული. ამიტომ ვმუშაობ ძირითადად ბუნებრივ განათებაზე.
აქ ესპანეთში, სახლში გამოყოფილი მაქვს სამუშაო ოთახი, სადაც დღის უმეტეს დროს იქ ვატარებ. ვიყენებ თითქმის ყველანაირ მასალას, როგორც ბუნებრივს, ისე - ხელოვნურს, გააჩნია, რა ეფექტი მჭირდება. გამომიყენებია ყავა, სიმინდის ფქვილი, ქართული სუნელებიც... ასევე სამშენებლო მასალები, სინთეტიკური თიხა...
ყველაფერს ვაკეთებ ხელით და არ ვიყენებ ყალიბებს. ეს თავისთავად მოითხოვს დიდ ენერგიასა და დროს. მინიატურული პერსონაჟების შექმნა შინაგანად მომზადებას მოითხოვს. ეს პროცესი კი, ჩემთვის ძალიან ემოციურია.
როცა იდეა ჩნდება, მაშინვე მუშაობას არ ვიწყებ. პირველ რიგში, ვცდილობ ვიგრძნო ის ხასიათი, რომელიც ამ პერსონაჟს უნდა ჰქონდეს, წარმოვიდგინო დეტალურად ის, მისი გარემო, დავაგროვო ემოციები ჩემში და მერე ერთდროულად გადმოვიტანო მინიატურაში... შესაძლოა, რამდენიმე კვირა ან თვეც დამჭირდეს.
მაგალითად „ფერადი ქალბატონის“ შესაქმნელად, მახსოვს, 3 თვე ვემზადებოდი და ვფიქრობ, ჩავდე კიდეც საჭირო ემოცია. მას ვერ ვყიდი, ჩემთანაა.
ემოციები და ენერგია, რომელიც მუშაობის პროცესის დროს მოდის, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ემოციურად მზად არ ვარ, რთულია ფიგურებისთვის „სიცოცხლის“ მიცემა. ამ დროს უბრალოდ ვჩერდები; მაგრამ როგორც კი ვიგრძნობ, რომ პერსონაჟი „გაცოცხლდა“ ჩემს ფიქრებში, აი, მაშინ უკვე ვიწყებ მის შექმნას.
დავაკვირდი, თუ პირდაპირ, ფიქრისა და შინაგანი მომზადების გარეშე ვიწყებ მუშაობას, შესაძლოა, ტექნიკურად კარგად გამომივიდეს, მაგრამ არ წამოიღოს ის მუხტი და სიღრმე, რომელიც მინდა, რომ თითოეულ ნამუშევარში იყოს. აი, ამიტომაა შინაგანი მზადება ჩემი შემოქმედებითი პროცესისათვის საწყისი ეტაპი.
ხშირ შემთხვევაში ამის გამო შეკვეთასაც არ ვიღებ. არ მინდა "უსულო" ფიგურები ვაკეთო... ხელოვნება არ არის მხოლოდ ხელით შესრულებული შრომა, არამედ ის, რასაც გული და გონება ერთდროულად სჭირდება.
როცა „ნიკალას“ მინიატურულ კომპოზიციას ვასრულებდი, ჯერ გავეცანი მის ისტორიას, მასზე მოგონებებს, ვნახე მასზე გადაღებული ფილმები. ეს მჭირდებოდა ჩემში იმ ემოციებისა და მუხტის დასაგროვებლად, რასაც მასზე მუშაობის დროს გამოვიყენებდი.
ჩემი ნაკეთობების უმრავლესობა გაყიდულია, სახლში თითქმის არაფერი მაქვს. ვასრულებდი შეკვეთით და ვყიდდი ხან საქართველოში, ხანაც სხვა ქვეყნებში. ფასი იმის მიხედვით იწევა, რა სირთულისაა დეტალები. ნამუშევრები 120-დან 600 ევრომდე გაყიდულა.
ვიდეოებსაც თავად ვუღებ და თვითონვე ვამონტაჟებ. რისი გადმოცემაც მსურს, გამომდის.
მაგრამ ამ ბოლო დროს, სამწუხაროდ, ვეღარ ვიცლი მინიატურებისთვის.
სამომავლოდ გეგმაში მაქვს სხვადასხვა მინიატურული კომპოზიციის შექმნა და თუ მომეცა ამის საშუალება, ჩემს პერსონალურ გამოფენასაც გავაკეთებდი, პირველს, ცხადია, სამშობლოში. დიდი ხანია უკვე ბევრი მთხოვს.
ასევე დაგაინტერესებთ:
"უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისა, შემიწყალე მე ცოდვილი" - ეს ლოცვა 2000 წლისაა
WANDERLUST ბათუმს ევროპის ყველაზე სასურველი ქალაქების ნომინაციაში ასახელებს