ლევან რატიანი დაჭრილ სპეცრაზმელზე: ეცვა პროტოკოლით გათვალისწინებული ჯავშანი... შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამ ჯავშანმა იხსნა მისი სიცოცხლე

რატიანი

სპეცოპერაციის დროს, სოფელ კაბალში დაჭრილი სპეცრაზმელი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. სამართალდამცველს გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი, ლევან რატიანი აცხადებს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"პაციენტის ზოგადი მდგომარეობა შემოყვანისას იყო მძიმე. ცეცხლსასროლი ჭრილობა მიყენებულია გულ-მკერდის მარცხენა ნახევარში. ეს არის არე, სადაც არის მოთავსებული გული და აორტა. სწორედ ამ ტოპოგრაფიულ არეში იყო ჭრილობა მიყენებული. საბედნიეროდ, პაციენტი გადარჩა, ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პიროვნებას ეცვა ის პროტოკოლით გათვალისწინებული ჯავშანი, მაინც იქნა მიღებული ტრავმა თავისი სიმძიმიდან, ტრაექტორიიდან გამომდინარე. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამ ჯავშანმა იხსნა მისი სიცოცხლე", - აცხადებს ლევან რატიანი.

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი სამედიცინო დაწესებულებაში გეკა გელაძემ მოინახულა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პირმა, რომელიც მოსამართლის განჩინების საფუძველზე უნდა დაეკავებინათ, ცეცხლი გაუხსნა სპეცრაზმს და ერთ-ერთი მათგანი მძიმედ დაჭრა.

52 წლის მირზა ალიევი საპასუხო ცეცხლის შედეგად მოკლეს. დღეს ცნობილი გახდა, რომ ხუთ სისხლის სამართლის საქმეზე პოლიციამ 34 პირი დააკავა. საუბარია ქურდული სამყაროს წევრობის, მხარდაჭერის და მიმართვის ფაქტებზე.