მეუფე ნიკოლოზმა სინოდის სხდომიდან რამდენიმე დეტალი გაასაჯაროვა - „მაიძულებთ, ცუდი რაღაც ვთქვა“

მეუფე ნიკოლოზი

სინოდის დღევანდელმა სხდომამ მშვიდობიანად ჩაიარა და პატრიარქის ტახტის გადაბარებას ვერავინ მოესწრება, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„რა იყო საკითხები, ვერ გეტყვით, რადგან სინოდს ჰყავდა მდივანი, რომელიც წერს განჩინებას. ძალიან მალე დაამთავრებს. სინოდის სხდომა ძალიან მოკლე იყო. თუ არ ვცდები, იყო სამი საკითხი. სინოდის სხდომამ ძალიან მშვიდობიანად ჩაიარა. საერთოდ, ბევრს ვკამათობთ ხოლმე, მეც მათ შორის. ამჯერად, საკამათო არაფერი იყო. პირველი, რაც შემიძლია, გითხრათ, იყოს ის, რომ მივულოცეთ პატრიარქს დაბადებიდან 90 წლის იუბილე და პატრიარქობის 45 წლის იუბილე.

ერთ-ერთი საკითხი იყო, რომ სამძიმრის წერილს გავუგზავნით თურქეთის სახელმწიფოს, მაგრამ პირველ რიგში, კონსტანტინეპოლის პატრიარქს და ანტიოქიის პატრიარქს სირიაში, სადაც მოხდა ეს საშინელი ტრაგედია. დანარჩენი, ძალიან ყოფითი საკითხი იყო“, – განაცხადა მიტროპოლიტმა.

ამასთან, კითხვაზე, „იყო თუ არა საუბარი პატრიარქის უფლებამოსილების გადაბარებაზე, ტახტის მემკვიდრეზე?“ რაზეც მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ „ამას ვერავინ მოესწრება“.

„თქვენ მე მაიძულებთ, ცუდი რაღაც ვთქვა. ახლა ვიტყვი, ვერ მოესწრება ამას ვერავინ, ვერასოდეს. არასოდეს დადგება ეს საკითხი დღის წესრიგში და აზრადაც არ მოსვლია ვინმეს თავში, რაღაც მსგავსი ეთქვა. ვერ მოესწრება ვერავინ. პატრიარქი იქნება დიდხანს და ჩვენ პატრიარქის აღსაყდრების 50 წლის იუბილეს ერთად აღვნიშნავთ. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები“, – განაცხადა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა.

ამასთან, ჟურნალისტებმა მიტროპოლიტ ნიკოლოზ ფაჩუაშვილს სინოდის სხდომის დაგვიანებით დაწყებასთან დაკავშირებითაც ჰკითხეს, რაზეც მან აღნიშნა:

„პატრიარქი იყო სუსტად, მოიკრიბა ძალა და შემდეგ ჩატარდა. ჩვენ ამასობაში ვიყავით ერთად, ვისაუბრეთ, დიდი ხნის უნახავები შევხვდით ერთმანეთს. სინოდის სხდომის ჩატარებაზე არავინ არის უფლებამოსილი, ვიდრე პატრიარქი პატრიარქია, თვითონ ჩაატარებს ყოველთვის ამ სხდომას. ამიტომ ვიცდიდით ამდენ ხანს. პატრიარქი რომ არ ჩამოსულიყო, გადაიდებოდა სხდომა, არ ჩაიშლებოდა“, – განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა.