1732386875
მეუფე ნიკოლოზის პირველი კომენტარი სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ
სინოდის სხდომა დასრულდა. საპატრიარქოს ინფორმაციით, სინოდის განჩინება მოგვიანებით გახდება ცნობილი.
საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით იყო მოწვეული.
მაღალი იერარქიის სასულიერო პირები უკვე ტოვებენ საპატრიარქოს შენობას. სხდომის დასრულების შემდეგ, მედიასთან კომენტარი გააკეთა ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი).
მისი თქმით, სხდომაზე სამი საკითხი განიხილეს, მათ შორის გაიგზავნა სამძიმრის წერილი თურქეთში.
"რა იყო საკითხები ვერ გეტყვით იმიტომ, რომ მდივანი ჰყავდა სინოდს, რომელიც წერს ახლა, დაამთავრებს ძალიან მალე. მოკლე სხდომა იყო, სულ რაღაც სამი საკითხი იყო. ძალიან მშვიდობიანად ჩაიარია სინოდის სხდომამ, საერთოდ ბევრს ვკამათობთ ხოლმე, მეც მათ შორის. ამჯერად, არაფერი საკამათო არ იყო. პირველი, რაც პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ მივულოცეთ პატრიარქს დაბადებიდან 90 და პატრიარქობიდან 45 წლის იუბილე. ეს მთელმა სინოდმა მიულოცა. ერთ-ერთი საკითხი რაც იყო, სამძიმრის წერილს გავუგზავნით თურქეთის სახელმწიფოს, მაგრამ პირველ რიგში, კონსტანტინოპოლის პატრიარქს და ანტიოქიის პატრიარქს სირიაში, სადაც მოხდა ეს საშინელი ტრაგედია, ამაზეც ვისაუბრეთ. დანარჩენი ყოფითი საკითხები იყო,“ - აცხადებს მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი).