მეცნიერებმა სამი მიზეზი გამოავლინეს, რატომ ვხდებით ხშირად ავად შემოდგომით?

რატომ ვხდებით ხშირად ავად შემოდგომით

შემოდგომას ყოველთვის თან მოაქვს სურდო, ხველა და გაციების ტალღა, თითქოს ყველა ერთდროულად ავადდება. ამ სეზონზე განსაკუთრებით იმატებს რესპირატორული ინფექციების შემთხვევები: COVID-19 ისევ აქტიურია, გრიპი ბრუნდება, ხოლო ჩვეულებრივი გაციება, ანუ რინოვირუსი, სულ უფრო სწრაფად ვრცელდება.

BBC-ის ცნობით, ეს ბუნებრივი პროცესია, თუმცა მისი ინტენსივობა გარკვეული მიზეზებით იზრდება.
 

სამი მთავარი მიზეზი

1. ბავშვები ბრუნდებიან სკოლებში

სასკოლო წლის დაწყებასთან ერთად, ბავშვები კვლავ აქტიურად ურთიერთობენ თანატოლებთან, რაც ნიშნავს ახალ ბაქტერიებსა და ვირუსებთან კონტაქტს. რამდენიმე კვირის განმავლობაში მათ შეუძლიათ ოჯახში „მოიტანონ“ ახალი ინფექციები, რომლებიც სწრაფად ვრცელდება უფროსებს შორისაც. 

2. უფროსები ბრუნდებიან ოფისებში

ზაფხულის არდადეგების შემდეგ ბევრი ადამიანი ისევ დახურულ სამუშაო სივრცეებში ბრუნდება, სადაც ვირუსების გავრცელება უფრო მარტივია.

3. მეტი დრო დახურულ სივრცეში

ცივი ამინდის გამო ადამიანები ნაკლებ დროს ატარებენ გარეთ, ჰაერის ნაკლებად განიავებად ოთახებში კი ვირუსები გაცილებით მარტივად ვრცელდება.

როგორც ლივერპულის ტროპიკული მედიცინის პროფესორი ჯონათან ბოლი განმარტავს, სწორედ ეს სამი ფაქტორი ქმნის იდეალურ ნიადაგს რესპირატორული ვირუსების გავრცელებისთვის: „ეს ნორმალურია - შემოდგომაა, ვირუსები უბრალოდ ცირკულირებენ და ჩვენი იმუნიტეტი დროებით სუსტდება.“

რატომ ავადდებიან ადამიანები სხვადასხვაგვარად?

არსებობს 100-ზე მეტი ვირუსი და ბაქტერია, რომლებიც რესპირატორულ დაავადებებს იწვევს, თუმცა თითოეული ადამიანი განსხვავებულად რეაგირებს. ეს დამოკიდებულია ასაკზე, ფიზიკურ ფორმაზე, იმუნურ სისტემაზე, ზოგჯერ კი უბრალოდ გენეტიკაზე ან გადაღლილობაზე.

„ხშირად მნიშვნელობა აქვს იმასაც, როდის გქონდათ ბოლოს კონტაქტი კონკრეტულ ვირუსთან,“- განმარტავს პროფესორი ბოლი.

როგორ დავიცვათ თავი?
რეგულარულად დაიბანეთ ხელები, განსაკუთრებით ხველის ან ცემინების შემდეგ.

თუ ავად ხართ, დარჩით სახლში და არ გახვიდეთ საზოგადოებრივ სივრცეებში.

საჭიროების შემთხვევაში ატარეთ პირბადე — განსაკუთრებით დახურულ ადგილებში.

დაისვენეთ, დალიეთ ბევრი სითხე და დაიცავით ჯანსაღი კვება, რათა იმუნიტეტი გაძლიერდეს.

პროფესორი ბოლი დასძენს, რომ ინფიცირება ყოველთვის ცუდი არ არის - ზოგჯერ ეს ბუნებრივად აძლიერებს ორგანიზმის დაცვით ფუნქციებს. თუმცა აუცილებელია სიფრთხილე, რათა არ დავაზიანოთ ასაკით უფროსი და სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანები.