1734207713
„მერწმუნეთ, ხვიჩა ოდნავაც არ გაამპარტავნებულა...“ - რას წერს გიორგი კეკელიძე
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ხვიჩა კვარაცხელია U21 ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ვერ დაეხმარებოდა, ქართველი ტალანტი კრიტიკის ქარცეცხლში გაახვიეს. ბევრმა გაიგო ხვიჩას განმარტება, ბევრმა მისი გაგება ვერ შეძლო.
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე ამ თემის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„ბევრი მწერს წუხილს ღიად თუ პირადად და ბარემ დავწერ: მეც ვისურვებდი, რომ ხვიჩა ამ გამარჯვებისა და ზეიმის მონაწილე ყოფილიყო. მით უფრო, რომ კვარაცხელიას მასშტაბის საფეხბურთო ფიგურა მეოთხედფინალში ძალიან დაგვჭირდება. მაგრამ მისი გადაწყვეტილებისაც მესმის, რადგან არის ბევრი ნიუანსი და მათგან ნაწილზე საკუთარ წერილშიც მიუთითა. მერწმუნეთ, კვარას ახლა ყველაზე მეტად უნდა ამ ბიჭებთან ერთად იყოს, უბრალოდ საფეხბურთო სუპერ-ვარსკვლავის კარიერა, ძალიან ბევრ რთულ დეტალს გულისხმობს - ხვიჩა კი უკვე დადასტურებულად დიდი ფეხბურთელია - მხოლოდ ინდივიდუალური ტიტულებით, ამ ასაკში, ასობით ძალიან ცნობილ მოთამაშეზე მეტი მოახერხა.
ცხადია, კრიტიკას არავინ ზღუდავს, ანდა, რომც უნდოდეს, როგორ იზამს ამას - პრესას და გულშემატკივარს ანრი და ბერგკამპი არ დაუნდია თავის დროზე - თუმცა, მერწმუნეთ, ხვიჩა ოდნავაც არ გაამპარტავნებულა. აქვე, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მწვრთნელს და ფეხბურთელებს, მათ შორის განსაკუთრებით - ვინც შოტლანდიური წყალბურთიდან პირდაპირ, დაუსვენებლად შემოურთდა ახალგაზრდულ ნაკრებს და განუმეორებელი სასწაული შემოგვთავაზა,“ - წერს გიორგი კეკელიძე.
ასევე ნახეთ:
⇒ VIDEO: მოულოდნელი სტუმარი სტადიონზე - ,,დინამო არენაზე“ ძაღლი შევარდა
⇒ ბიჭებმა ყველაფერს გაუძლეს, ამ თაობის იმედი უნდა გქონდეთ! - რამაზ სვანაძე