ბიჭებმა ყველაფერს გაუძლეს, ამ თაობის იმედი უნდა გქონდეთ! - რამაზ სვანაძე

სვანაძე

ისტორიული მნიშვნელობის, უდიდესი ამბავი: საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის 1/4 ფინალშია!

აქედან კი ოლიმპიადის საგზურამდე ერთი ნაბიჯია. ზურიკო დავითაშვილმა სუპერგოლი გაიტანა და რამაზ სვანაძის გუნდმა ძალიან მაგარ ნიდერლანდებთან არ წააგო. 5 ქულა და პირველი ადგილი, ასეთია დებიუტანტის შედეგი.

„ყველას გილოცავთ, ეს მართლაც ისტორიული შედეგია. ურთულეს ჯგუფში, ჩვენთვის სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე მეოთხედფინალში გავედით, თან პირველი ადგილით. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს ფეხბურთელებს, ჩემს საოცარ სტაფს და ჩვენს უნიკალურ გულშემატკივარს, რადგან ისინი იყვნენ სამივე მატჩში ჩვენი წარმატების შემოქმედები. დღევანდელი პირველი ტაიმი განსაკუთრებით ურთულესი იყო. ჩემი აზრით, ნიდერლანდები ჩვენს ჯგუფში საუკეთესო გუნდი იყო. წინა ორმა მატჩმა დიდი ენერგია წაიღო, ამიტომ იყო დაღლილობაც, მაგრამ ჩემმა ფეხბურთელებმა ყველაფერს გაუძლეს. ეს არის ის თაობა, რომელსაც შეუძლია, ბევრ რამეს მიაღწიოს და ქართველ გულშემატკივარს ვეტყვი, რომ ამ თაობის იმედი ყოველთვის ჰქონდეთ“, - თქვა რამაზ სვანაძემ.