პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ფასდაკლების აქციები სავაჭრო სფეროში მნიშვნელოვანი შეთავაზებაა, რომლითაც მრავალი მომხმარებელი სარგებლობს, თუმცა როცა მობილურ ტელეფონზე უცნობი ნომერი რეკავს და დიალოგს ასე იწყებს, უცნაურია...
„გამარჯობა, აქციაში მოხვდით, მე საპატრიარქოსთან არსებული სახელოსნოდან გიკავშირდებით, 120 ლარის ნაცვლად, 75 ლარად ოჯახის მფარველ ხატს მიიღებთ, რომელიც სვაროვსკის თვლებითა და 24K-იანი ოქროთია შესრულებული..." - ამბობს გაყიდვების აგენტი.
„პრაიმტაიმი“ ამ შეთავაზებაზე სწორედ გაყიდვების აგენტს ესაუბრა. კლიენტისთვის ხატის შეთავაზება საქალაქთაშორისო სატელეფონო ზარით ხდება. დაინტერესების შემთხვევაში VIBER-ის მეშვეობით ხატის ფოტო და სარეკლამო ტექსტი ვინმე რეზისგან იგზავნება:
„ხატი ხელით არის შესრულებული წიფელზე, ჭედური ნაკეთობაა და სვაროვსკის თვლებით არის გაფორმებული, ასევე მოოქრულია 24-კარატიანი ოქროთი, 120 ლარის ნაცვლად 75 ლარი ღირს, სააქციო ფასით სარგებლობა 10 ივნისამდე ვრცელდება“. - წერს ხატის გაყიდვების აგენტი.
„პრაიმტაიმი“ სახელოსნოს სახელწოდების გაგებას ცდილობს, თუმცა ხატმწერის ვინაობა ირკვევა, რომელსაც გასაგები მიზეზების გამო სრულად არ ვასახელებთ. რეზი აკონკრეტებს და ამბობს, რომ სვაროვსკის თვლებიან ხატს ლ.ლ. წერს.
ამის შემდეგ, „პრაიმტაიმი“ საქართველოს საპატრიარქოს დაუკავშირდა და ამ უცნაური შეთავაზების შინაარსი გააცნო...
მამა ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ „საპატრიარქოსთან არსებული სახელოსნოს“ შესახებ საპატრიარქოში არაფერი სმენიათ.
„ასეთი შეთავაზებები ხშირად ხდება, თუმცა ჩვენ (საპატრიარქო) არავითარი შეხება არ გვაქვს“. - ამბობს მამა ანდრია.
საქალაქთაშორისო ნომერზე, რომლიდანაც პოტენციურ კლიენტებთან ხატის გაყიდვების აგენტი რეკავს, თავად მომხმარებელი ვეღარავის უკავშირდება, თუმცა აღსანიშნავია, რომ ის თანხის ჩარიცხვას არ ითხოვს და ხატის საფასურს კურიერთან იხდის ის, ვინც მათი აქციით ისარგებლებს.