,,მე დავბრუნდი" - სპორტსმენი ავთანდილ ხურციძე თავისუფალია

ავთანდილ

ქართველი სპორტსმენი ავთანდილ ხურციძე, რომელსაც ბრალად რუსულ კრიმინალურ დაჯგუფებასთან თანამშრომლობა ედებოდა და სასჯელს ამერიკის შეერთებული შტატების ციხეში იხდიდა, თავისუფალია.

ინფორმაციას თავად ხურციძე ავრცელებს.

სპორტსმენი სოციალურ ქსელში ახალ ფოტოსაც აქვეყნებს და წერს, რომ ის დაბრუნდა.

2018 წელს, ქართველ მოკრივე ავთანდილ ხურციძეს ნიუ-იორკის სასამართლომ ათწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ის დამნაშავედ ცნეს რეკეტსა და თაღლითობაში.

2017 წელს ამერიკაში რუსულ კრიმინალურ სინდიკატთან თანამშრომლობისთვის პოსტსაბჭოთა ქვეყნების 27 მოქალაქე დააკავეს, მათგან 15 ქართველი იყო.

სპეცოპერაცია FBI-იმ, აშშ-ის საემიგრაციო და საბაჟო აღსრულებამ, ასევე ნიუ იორკის და სხვა ქალაქების პოლიციამ ერთობლივად ჩაატარა. დაკავებულებს შორის იყო ორი ქართველი ათლეტი: მოკრივე ავთანდილ ხურციძე და MMA მებრძოლი ლევან მაყაშვილი. ასევე რამდენიმე ე.წ კანონიერი ქურდი.

პროკურატურის განმარტებით, ხურციძე იყო დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრი, რომელსაც რაჟდენ შუალაია ხელმძღვანელობდა.

2021 წლის 6 სექტემბერს ხურციძე წერდა, რომ ის საპატიმროს ვადაზე ადრე, 14 სექტემბერს დატოვებდა.