„მე 5-ჯერ მოვკვდი ამ დღეებში... სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე გავდივარ“ - რა შეემთხვა ეკონომიკის ექსპერტ გიორგი მიქანაძეს

გიორგი მიქანაძე

ეკონომიკის ექსპერტი, გიორგი მიქანაძე ძლიერ ავარიაში მოჰყვა. როგორც იგი სოციალურ ქსელში წერს, იმის გამო, რომ ბევრი ადამიანი ინტერესდება მისი მდგომარეობით, გადაწყვიტა თავად მიეწოდებინა ყველასთვის ინფორმაცია. (სტილი დაცულია)

იგი თავის ორ ძველ სტუდენტს გვერდში დგომისთვის მადლობას უხდის.

„ჩემო ძვირფასებო მე დიდი განსაცდელის წინაშე აღმოვჩნდი. უბრალოდ, ბევრი ძვირფასი და საყურადღებო ადამიანი მწერს და თავს ძალა უნდა დავატანო 2 სიტყვა ვთქვა ყველასთვის.

სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე გავდივარ. ის გიორგი, რომელსაც იცნობდით აღარაა. არ ვიცი თუ იქნება და რა გამოვა ახალი გიორგისგან.

გაჭედილი ვარ პარალელურ სამყაროებში და სხვანაირად აღვიქვამ ყველაფერს. ზოგიერთი ადამიანი კი მიხვდება ამას. ძალიან ძლიერ ავარიაში, უშანსო ავარიაში მოვყევი. უმძიმესი ტრავმები, უმძიმესი ოპერაციები, მოტეხილი ყველა ძვალი, კომა და მერე საშინელება რაც მოჰყვება ამ ყველაფერს.

ადამიანი არის ზღვა შესაძლებლობების, ასეთ დროს უბრალოდ იპობი შუაზე და ეს ძვირფასი კოლბა იპნევა. 2 გზაა ან ეს ნამცეცები განადგურდეს უსუსურობისგან, ან თითოეულმა ისევ განიცადოს მეტამორფოზა და კიდევ უფრო მეტი ძლევამოსილების ჩამოყალიბდეს.

ღმერთმა აბსოლუტურად ყველაფერი მომცა ცხოვრებაში. ძალიან მარტივად და ჩქარ-ჩქარა ვნახე ბევრი რამ. გენიალური ადამიანები და ყველაფერი რაც მინდოდა საინტერესო ცხოვრებისთვის.

ამერიკაში კიდევ განათლებისთვის წამოვედი ახალი თავგადასავლების და გამოწვევებისთვის. ამ პერიოდში რამდენჯერმე უკვე ახლიდან ავაწყვე ცხოვრება და ახლა კიდევ ეს რეალობა, რომლის აღქმაც ძალიან მიჭირს.

არ ვიცი, არადა, მქონდა ყველაფერი. ხშირად მიფიქრია გურიაში ხომ არ ჯობდა ჩემი ბაღჩა-ბოსტანი და უბრალო ცხოვრებით მეცხოვრა. რაც აქ ბევრი ვნახე წარმატებულ ხალხში. უკიდეგანო ცა ვარსკვლავებით მოჭედილი და მილიარდი ჩიტის ერთად ჭიკჭიკი. არც ახლა ვიცი პასუხი. ბევრი რამ ვნახე და განვიცადე ცხოვრებაში, ბოლოს ხშირად ვფიქრობდი და განვიცდიდი - what's next?!

ჰოდა, - აი... აბა, ვნახოთ რა იქნება?

მე პოსტებს ვერ დავდებ ცოტა ხანს, ძალიან უძლური ვარ. 2 დღეა ვცდილობ რაღაცის დაწერას. რამხელა ძალა ნდომებია ყველაფერს თურმე.

ვერ ვპასუხობ მოწერილებს, მაგრამ თითოეულ თქვენგანს დიდი მადლობა, ასევე არ ვიცი მერე თუ მომინდება გახსენება. ზემოთ იწერება მადლიერება. დიდი მადლობა ყველას და ბოდიში შეწუხებისთვის.

ჯვარი გეწეროთ და ღმერთმა დაგიფაროთ ასეთი მძიმე განსაცდელებისგან. მე 5-ჯერ მოვკვდი ამ დღეებში და ეს ყველაფერი განიცადა და იცის ჩემმა ცნობიერმა.

ეს ორი ადამიანია ჩვეულებრივი ანგელოზი, ფრთიანი, მათ გადამარჩინეს დღემდე, ჩვეულებრივად. რაც მე მახსოვს. გონება ძალიან არეულია და არ აღვიქვამ თავს გადარჩენილად მაინც. იცოდეთ მაინც, როგორ გამოიყურებიან ანგელოზები. ჩემი ძველი სტუდენტები ჩამომაკითხეს, ღამეები მითიეს და გაუძლეს ჩემს საშინელებებს“,- წერს გიორგი მიქანაძე.