გოგა მანია გულის შეტევით კლინიკაში გადაიყვანეს
1746527635
მძიმე, მაგრამ გარდაუვალი გადაწყვეტილება - "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიამ" სასამართლოში გაკოტრების შესახებ განაცხადი შეიტანა. მილიონობით დანახარჯი შემოსავლებს ვერ ეწევა - ასეთია კომპანიის პოზიცია. პარალელურად კი, ჭიათურაში მაღაროელების აქცია გრძელდება - ერთი მხრივ, ისინი სახელფასო პრობლემების მოგვარებას, მეორე მხრივ კი ინვესტორის წასვლას ითხოვენ.
პარალელურად, უკვე 1 წელია კარავია გაშლილი და პროტესტი მიმდინარეობს შუქრუთისა და კოროხნალის მაღაროებთან, რაც თავის მხრივ მუშაობის პარალიზებას იწვევს. სოფლის მოსახლეობა კომპანიისგან კომპენსაციას ითხოვს. როგორ უნდა უზრუნველყოს გაჩერებული წარმოების პირობებში დამსაქმებელმა ხელფასების და კომპენსაციის გაცემა. ამ კითხვაზე ერთგვაროვანი პასუხი, არც აქციის მონაწილეებს აქვთ.
გადაწყვეტილება მიღებულია. ჭიათურის მაღაროების ერთწლიანი პარალიზების შემდეგ სამუშაო პროცესი ჩიხში შევიდა. "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიამ" გაკოტრების პროცედურა ოფიციალურად წამოიწყო და შესაბამისი განაცხადი სასამართლოში უკვე შეიტანა. კომპანიის იურისტი "კურიერი P.S.-თან" იმ მიზეზებზე საუბრობს, რამაც ისედაც მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში მყოფი ორგანიზაცია, გადახდის უუნაროდ აქცია.
ერთწლიანი პროტესტის ფონზე ვერც წარმოების განახლება მოხერხდა და ვერც გამაგრებითი სამუშაოები. გვირაბებში ყოველდღიურად მიწის ჩამოშლისა და დატბორვის პროცესი მიმდინარეობს. მაღაროს გარეთ კი უკვე ერთი წელია სოფელ შუქრუთის მოსახლეობის ნაწილს კარავი აქვს გაშლილი. მოთხოვნა - მათ საკუთრებაზე მიყენებული ზიანისთვის კომპენსაციების გადახდაა. მიუხედავად იმისა, რომ კომპენსაციების სახით 12 მილიონზე მეტია გაცემული, კომპანიაში ამბობენ, რომ პროცესი გაწერილი გეგმის მიხედვით უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა საქმე იქამდე მივიდა, რომ კომპენსირებაც შეჩერდა და წარმოებაც.
ერთწლიანი პროტესტის ორგანიზატორ გიორგი ნეფარიძეზე კომპანიაში ამბობენ, რომ მას კომპენსაცია უკვე მიღებული აქვს. გასაჯაროვდა გადარიცხვის დოკუმენტაციაც - 96 814 ლარის ოდენობით. "კურიერი P.S.-მა" ნეფარიძეს კითხა, ამ თანხის მიღების შემდეგ, ამჯერად რა იყო მისი მთავარი მოთხოვნა, თუმცა მან კომპენსაციის შესახებ საუბარი არ ისურვა. კომენტარზე უარი არ უთქვამთ კოროხნალის მაღაროსთან კარავში მყოფ პროტესტის სხვა მონაწილეებს. მაღაროსთან შეკრებილები არ უარყოფენ, რომ დასაქმებულებს მოუწოდებენ თავი შეიკავონ მუშაობისგან. შესაბამისად, დავინტერესდით, მაშინ როგორ უნდა გადაიხადოს კომპანიამ ხელფასები და კომპენსაციები.
ამბობენ, რომ წარმოების გაგრძელებას ხელს არ უშლიან, თუმცა სხვა შთაბეჭდილებას ტოვებს კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ დაუპირისპირდნენ პროტესტის მონაწილეები ადგილზე სამუშაოდ მისულ რამდენიმე დასაქმებულს.
პროტესტის კიდევ ერთი და ძირითადი კერა ქალაქ ჭიათურის ცენტრშია. მადნის მომპოვებელ კომპანიაში დასაქმებულები აქ ყოველდღე იკრიბებიან. ერთი მხრივ ინვესტორის წასვლას, მეორე მხრივ კი სახელფასო პრობლემების გადაჭრას ითხოვენ. მათი ნაწილი არც იმას მალავს, რომ შუქრუთის მოსახლეობამ კომპანიასთან მოლაპარაკება უნდა შეძლოს, რათა მათ მუშაობის შესაძლებლობა მიეცეთ. დასაქმებულთა მეორე ნაწილი კი “ჭიათურა მენეჯმენტთან“ თანამშრომლობას გამორიცხავს და სახელფასო პრობლემების მოგვარების მიზნით გამოსავალს საწარმოს კუთვნილი ტექნიკისა და სხვა ქონების გაყიდვაში ხედავს.
რამდენად მომგებიანია ჭიათურაში მადნის მოპოვება? ეს საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ შეისწავლა და დასკვნაც გამოაქვეყნა: წიაღისეულის მოსაპოვებლად წარმოებული სამუშაოები არარენტაბელურია. აუდიტორი ამბობს, რომ პროექტი ამჟამად სრულად წამგებიანია.
სწორედ შექმნილი კრიზისი გახდა კომპანიის მიერ გაკოტრების პროცედურის წამოწყების საფუძველი. "ჭიათურა მენეჯმენტ" კომპანიამ სასამართლოში განაცხადის შეტანამდე ყველა ფინანსური დეტალი საგანგებო თათბირზე განიხილა. კომპანიამ გამოყო ის სამი ძირითადი მიზეზი, რის გამოც საწარმო ოფიციალურად გადახდისუუნარო გახდა.
კომპანიაში ამბობენ, რომ საწარმოს დანახარჯები ყოველთვიურად იზრდებოდა, შემოსავალი კი მცირდებოდა. "ჭიათურა მენეჯმენტმა" სამუშაოები უკვე შეაჩერა. მაღაროებში დასაქმებულთა აქციები კი გრძელდება, სადაც ერთ-ერთი მოთხოვნა კომპანიის წასვლაა. თავის მხრივ, “ჭიათურა მენეჯმენტი“ დასაქმებულებისთვის კომპენსაციის გადახდაზე მუშაობს.