ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
1732307043
ფეხბურთი რომ საქართველოში ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობაა, ამაზე ყველა თანხმდება. ზოგი მეტადაა ჩართული, ზოგი ნაკლებად, თუმცა, არსებობენ ადამიანები, რომელთათვისაც ეს მთელ ცხოვრებას წარმოადგენს.
ხშირად, სოციალურ ქსელებში გულშემატკივრებისა და სპორტული ჟურნალისტების ვიდეოები ვრცელდება, როცა ფავორიტი გუნდის გატანილ გოლს მთელი ემოციებით, სიგიჟეებით აღნიშნავენ. ერთ-ერთი მათგანი ჩვენი სტატიის გმირია.
საბა საპანაძე 22 წლისაა. 8 წლის იყო, როცა მომავალი პროფესია უკვე არჩეული ჰქონდა - იცოდა, რომ ჟურნალისტი გახდებოდა.
ფეხბურთის სიყვარული მამამ ასწავლა, რადგან სახლში მატჩები სულ ჩართული ჰქონდათ. 14 წლის ასაკში სტადიონზე პირველად წავიდა. როგორც თავად გვითხრა, ყველას გაკვირვებას დღემდე ერთი ფაქტი იწვევს: ფეხბურთის თამაში არ იცის, ეკითხებიან, რანაირად გიყვარს, როცა არასდროს გითამაშიაო.
საბამ შეძლო, რომ თითქმის ყველა ქართველ ფეხბურთელთან ახლო მეგობრული ურთიერთობა ჩამოეყალიბებინა. მისი წყალობით, ბევრი ექსკლუზიური ფოტო/ვიდეო, თუ ინტერვიუ მოსულა ჩვენამდე.
გარდა ქართველებისა, ის უცხოელ ფეხბურთელებთანაც პოულობს საერთო ენას.
50-ლარიანი ხელფასით დაწყებულმა კარიერამ შეაძლებინა, რომ დღეს, ქართულ ინტერნეტ სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული გვერდის, GEO TEAM-ის მფლობელია და გულშემატკივრები მისგან ქართულ ფეხბურთზე ყოველთვის ოპერატიულ სიახლეებს ელიან.
ახალგაზრდა, წარმატებული სპორტული ჟურნალისტი საკუთარი თავის შესახებ გვიყვება.
საბა საპანაძე: - ჩემი კარიერა 2014 წელს ჟურნალისტიკით დაიწყო. ვგულისხმობ, ანაზღაურებასაც რომ ვიღებდი. თავიდან 50 ლარი იყო, ზოგადად, ასეთ რაღაცებს ტკბილად იხსენებენ ხოლმე.
თავიდან goal.ge-ზე მოვხვდი, ვერ ვწერდი, რადგან გამართულად წერა არ ვიცოდი. ჩემი და თარგმნასა და გრამატიკულ ასპექტებში მეხმარებოდა ხოლმე. ჩემი ბიძაშვილი ჩემზე რამდენიმე თვით პატარაა და მახსოვს, ბევრად კარგად წერდა. ვფიქრობდი, მას თუ გამოსდის, ანუ მე ვაკლებდი რაღაცას... სულ რაღაცებს ვეკითხებოდი, მინდოდა მესწავლა და მეც კარგად დამეწერა.
შემდეგ კიდევ ერთ საიტზე, fanebi.com-ზე მცირე ხნით, 6 თვით ვმუშაობდი. ამ დროს საქართველოს ჩემპიონატის თამაშებზე წავედი, ეგ იყო ძალიან დიდი სიხარული, რომელიც ყველაზე კარგად მახსოვს. თამაშების შემდეგ ფეხბურთელებს ველოდებოდი, კომენტარებს ვწერდი, ეს ყველაფერი ძალიან დიდ მოტივაციას მაძლევდა.
პირველი სანაკრებო თამაშზე, რომელიც 2015 წლის სექტემბერში იყო შოტლანდიასთან, ჟურნალისტის სტატუსით ვიყავი. მანამდე, ყველას ტელევიზიით ვხედავდი, თამაშის შემდეგ ყველა ჩავწერე, მაგ დღეს სიხარულისგან მართლა არ მეძინა.
მომდევნო წელს ჟურნალისტის სტატუსით პირველად, სომხეთში, დინამო-თბილისთან ერთად წავედი. მაშინ მიკროავტობუსით წაგვიყვანა „დინამომ“, ერთ სიტყვას არ ვამეტებ, მთელი ღამე არ მძინებია. გასვლა დილის 8 საათზე იყო, ვშიშობდი, არ ჩამძინებოდა. მაღვიძარას დაყენება და ოჯახის წევრისგან გაღვიძებაც არ მინდოდა. სიხარულისგან ვერ დავიძინე.
მთელი სეზონი დავდიოდი, თამაშებს არ ვაცდენდი - ერთხელ გამოხვალ, ჟურნალისტი დაგხვდება, მეორედ, მესამედ... სოციალური ქსელითაც რომ გაქვს კომუნიკაცია, ფეხბურთელებთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. „დინამოში“ და სხვა გუნდებში ისეთი ფეხბურთელები იყვნენ, რომლებიც დღეს ეროვნულ ნაკრებს წარმოადგენენ.
2017 წელს adjarasport-ზე გადავედი, ამ დროს აბიტურიენტი ვიყავი. მათ მაქსიმალურად შემიწყვეს ხელი და ჩემი ანაზღაურებით, 3 რეპეტიტორთან სიარულს ვახერხებდი. მომდევნო წელს ნაკრებთან ერთად ყაზახეთში წავედი, ერთა ლიგა რომ მოვიგეთ. მახსოვს, ყაზახეთის პატარა აეროპორტში 11 საათით მომიწია მოცდა, არაფერი იყო და ძირს, ცივ ფილაზე ვიჯექი, თან სექტემბრის თვეში იქ ძალიან ციოდა. ვიყავი ლატვიაშიც...
ერთ დღეს გავიღვიძე და Instagram-ზე მხვდება ძალიან ცნობილი გვერდი “433“, „ჯეო თიმი“ რაც არის, ზუსტად იგივეა, ოღონდ ბევრად მაღალი დონის. ყველას გამოწერილი ჰყავს: რონალდუს, სალაჰს, მესის... ვნახე, რომ სთორებს თამაშებზე დებენ, ასევე, როგორ ატარებენ ფეხბურთელები ერთ დღეს. მაშინ ვიფიქრე, სტადიონზე სულ დავდივარ, ფეხბურთელებს ვიცნობ და გავაკეთებ გვერდს, ჯერ გასართობად და რაც იქნება იქნება-თქო.
2019 წლის 29 იანვარს „ჯეო თიმმა“ ფუნქციონირება დაიწყო. მესიჯები გავამზადე, ყველა ფეხბურთელს მივწერე ჩემი გეგმის შესახებ და ვთხოვე, რომ გამოვეწერე. თუ არ მოგეწონათ, 2-3 თვეში წაშალეთ-მეთქი. მაგ დროს გიორგი ქვილითაია ძალიან დამეხმარა. ის და გიორგი ჩაკვეტაძე გუნდში ერთად იყვნენ და „ერთი დღე გიორგი ჩაკვეტაძესთან და გიორგი ქვილითაიასთან ერთად“ გადაიღეს. ანონსი ჩემს გვერდზე 2 დღით ადრე დავდე, რამდენიმე დღის შემდეგ გვერდი უკვე 4 000 გამომწერზე ავიდა. ძალიან მაგარი შედეგი იყო. ეს რუბრიკა ისევ გრძელდება. რამდენიმე თვეში 10 000 გამომწერი იყო. მაშინ მივხვდი, რომ ეს გასართობი გვერდი აღარაა, ვალდებულებები გვქონდა და ხალხი პოსტებს ელოდა.
შემდეგ გათამაშებები დავიწყე. ბიჭები ხელს მიწერენ, მაძლევენ მაისურებს და შემდეგ გათამაშება იდება.
სხვებმაც სცადეს მსგავსი გვერდების შექმნა, თუმცა, 1-2 თვეში შეეშვნენ. პანდემიის პერიოდი იყო ყველაზე რთული, გაჩერდა ყველაფერი, ფეხბურთი აღარ იყო. ყოველ დღე ვფიქრობდი, რა კონტენტი მომეფიქრებინა, დიზაინში რა ამეწყო, რომ გვერდი არ გაჩერებულიყო. წელიწადში გვერდს, დაახლოებით, 15 000 გამომწერი ემატება.
- რა გეგმები გაქვს?
- ჩემი მთავარი სურვილია, რომ 2024 წელს ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ. 2023 წელს საქართველოში ევროპის 23 წლამდელთა ჩემპიონატი ტარდება. რამდენი ფეხბურთელია უცხოეთში, მინდა, რომ ეს ყველაფერი გადაცემებად, ეპიზოდებად გავაკეთო. სურვილი მაქვს, გულშემატკივრებს შიდა სამზარეულო კარგად ვაჩვენო.
მინდა, ზაფხულში ევროპის ჩემპიონატიც კარგად გავაშუქო. ქართველ გულშემატკივრებს ხარისხიანი გადაცემები უნდა ჰქონდეთ.
მყავს ოპერატორი, მემონტაჟე და დიზაინერი - ეს ოთხი ადამიანი ვაკეთებთ ყველაფერს. ძალიან მარტივი იქნებოდა, რომ რასაც მე ვაკეთებ, იმას ვიღაც მიმენეჯმენტებდეს, რა თქმა უნდა, ყველაფერი უფრო გამიმარტივდებოდა. მიყვარს რასაც ვაკეთებ, ეს სამსახური არ არის.
რა თქმა უნდა, გაფართოება მინდა. სიამოვნებით მექნებოდა ჩემი სტუდია, სადაც ჩაწერები, გადაღებები იქნებოდა, ამ ბიუჯეტით ახლა ეს ვერ ხერხდება, თუმცა, სამომავლო გეგმაა.
ერთი ოპერატორი მყავს, თუმცა ყოფილა შემთხვევა, სხვაც დამხმარებია. ერთხელ ჩემს ვიდეოს ხმაზე პრობლემა ჰქონდა და პროფესიონალმა ოპერატორმა, ოთო გელაშვილმა მომწერა, ძალიან მიყვარს ფეხბურთი და თუ დაგჭირდეს დახმარება, შემეხმიანეო. რამდენჯერმე დამჭირდა და სრულიად უანგაროდ დამეხმარა. თუ ისეთი გადაღებაა, რომ მეორე ოპერატორიც მჭირდება, მეხმარება ხოლმე. ასე საჯაროდ მადლობას კიდევ ერთხელ ვუხდი.
კარგი იქნება, ერთი სოციალური მედიის მენეჯერიც მყავდეს. წარმოიდგინეთ, მივდივარ ნაკრების თამაშზე, გოლის გასვლის მომენტი უცებ უნდა გადავიღო სთორისთვის, ბლოგისთვის. ეს ყველაფერი მოსწრებაზეა. ამაში რომ ვინმე დამეხმაროს, ბევრად გამიმარტივდებოდა ყველაფერი.
- როგორ მოახერხე, რომ თითქმის ყველა ქართველ ფეხბურთელთან მეგობრობ?
- ბევრს აინტერესებს, რანაირად, როგორ მოხდა ჩემი ფეხბურთელებთან დაახლოება. კვირაში 2-3 თამაშს ვესწრებოდი და სხვადასხვა გუნდის ფეხბურთელები რომ გამოდიოდნენ, სულ იქ ვხვდებოდი. ვმუშაობდი, სოციალური ქსელიდანაც მეგობრული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა.
ყველაზე ახლოს ვისთანაც ვარ, ზურიკო დავითაშვილია. ჩვენ ერთი სკოლელები ვართ, ერთი წლით უმცროსია. სულ ვახსენებ ხოლმე, გახსოვს „დინამოს“ ჩანთით რომ დადიოდი დერეფნებში მეთქი?!
ბავშვობაში ძალიან დიდი წონა მქონდა. 3 თვეში 30 კილო დავიკელი და ამ პერიოდში, სკოლაში სულ ვაშლით დავდიოდი. დაკლების ისტორია ბევრმა არ იცის: გოგო უნდა მენახა და მე ჭარბი წონა მქონდა. ვუთხარი, ახლა საქმეები მაქვს, მაქსიმუმ, 2 კვირა, 1 თვის თემაა და ყველაფერს რომ მოვრჩები, გნახავ-თქო. მაგ პერიოდში ჩამერიცხა ხელფასი, 50 ლარის ოდენობით, მეორე დღეს ფიტნეს დარბაზის აბონემენტი ვიყიდე და ვარჯიში დავიწყე. მარტში 105 კილოგრამი ვიყავი და ივნისის ბოლოს უკვე 74. საბოლოოდ, ის გოგო აღარ მინახავს.
ზურიკო იხსენებს ხოლმე, გახსოვს ვაშლით რომ დადიოდი დერეფნებშიო? ოჯახებით ვმეგობრობთ. ახლა ყველასთან ჯაჭვურად მეგობრული ურთიერთობა მაქვს.
- ნეაპოლშიც იყავი ხვიჩა კვარაცხელიასთან. როგორია სტადიონს მიღმა, მეგობრებთან?
- ხვიჩა „დინამოში“ რომ გამოჩნდა, იმ პერიოდიდან ვიცი. ზურიკო დავითაშვილი და კვარა ბავშვობის ძმაკაცები არიან და შემდეგ ჩვენც დავმეგობრდით. ყველაზე კარგად ბოლო 4 წელია, რაც გავიცანი. თურქეთში, შუასასეზონო შეკრებები რომ ჰქონდათ, მე იქ 10 დღით, ორი კვირით ჩავდიოდი ხოლმე და ერთად ძალიან დიდ დროს ვატარებდით.
მივირთმევდით, ვისვენებდით, პინკპონგით და მსგავსი თამაშებით ვერთობოდით, ამან ძალიან დაგვაახლოვა. არ ჩანს, მაგრამ კვარას ძალიან მაგარი იუმორი აქვს. კარგად „ღადაობს“, სულ პოზიტიურია. იმ პერიოდში, როცა მისი ტრანსფერი ვერ გაკეთდა და ხალხი აკრიტიკებდა, ძალიან რთული პერიოდი ჰქონდა, თუმცა, მაშინაც სულ ხუმრობის ხასიათზე იყო. რამდენადაც კარგი ფეხბურთელია, იმდენად მაგარი ადამიანია, უკეთილშობილესია. შეუძლია, რომ ნებისმიერ ადამიანს დაეხმაროს.
ხვიჩასთან მუშაობის დროს ვერავინ იტყვის, რომ დისტანცია შეუმჩნევიათ. პირველივე დღეს ისე მაგრად შედიოდა კომუნიკაციაში ყველასთან, რომ იფიქრებდით, კაი 10 წლის ძმაკაცები იყვნენ. ძალიან კომუნიკაბელურია. ხომ არიან ზოგიერთი ფეხბურთელები, უცხო ადამიანს მიესალმებიან, კითხვაზე უპასუხებენ და მორჩა, ხვიჩა ძალიან ყურადღებიანია. ეკითხება, „აბა, ბიჭებო, რას დალევთ, რას შეჭამთ“, გულიანი ადამიანია. შეიძლება ახლა არც უნდოდეს, ასე დეტალურად რომ ვყვები.. ძალიან კეთილია.
ისე ჩანს, თითქოს მხოლოდ ფეხბურთით ცხოვრობს, ვარჯიშობს და ესაა მისი ცხოვრება. 21 წლის ბიჭის უკან იმდენი რაღაცაა. სულ ფიქრობს, ვის რა ასიამოვნოს, როგორ დაუდგეს გვერდით და გაახაროს.
მე რომ „ჯეო თიმი“ გამეკეთებინა, adjarasport-ზე ვეღარ განვაგრძობდი მუშაობას, არჩევანის წინ დავდექი.. სანამ გადაწყვეტილებას მივიღებდი, ბიჭებს აზრი ვკითხე. 40 ფეხბურთელიდან ყველამ ერთი და იგივე პასუხი დამიბრუნა - „ჯეო თიმს“ არ შეეშვაო. ხვიჩას შეტყობინება დასქრინული მაქვს, ჩემი რჩევა და თხოვნაა, რომ „ჯეო თიმი“ არავის მისცე და არასდროს გაყიდოო. თუ რამე გაგიჭირდება, იცოდე, რომ ბიჭები შენს გვერდით ვართო. ამ მესიჯის მერე ერთი მიზეზიც არ არსებობდა, რომ მე ამას ოდესმე შევშვებოდი.
ერთ კვირაში კამერების, ახალი ლეპტოპის, ჩიპების, მიკროფონების თანხა ანგარიშზე მქონდა. ნაკრების, რეგიონების, საქართველოს ჩემპიონატის ფეხბურთელები ყველა გვერდით დამიდგა. მაშინ მივხვდი, თუ არ იცის ადამიანმა რას და როგორი გულით აკეთებ, ასე არავინ არაფერს გაისვრის. უდიდესი პასუხისმგებლობა ვიგრძენი მაშინ. ასე დავიწყე და დღეს უკვე სპონსორებიც მყავს, მხოლოდ ჩემს საქმეზე ვფიქრობ.
- ვინც „ჯეო თიმის“ გამომწერია, იცის, რომ ყველა გოლს საოცარი ემოციით აღნიშნავ...
- ხანდახან მიწერენ ხოლმე, რომ ჩემი ემოციები ხელოვნურია, მაგარი მსახიობი ვყოფილვარ თუ ემოციებს ასე გამოვხატავ. თამაში რომ იწყება, კანკალი მიტანს. ხანდახან ამ ყველაფერს მუშაობაში ხელიც შეუშლია. ეს ერთი მხრივ მინუსიცაა, ემოციებმა არ უნდა გმართოს.
მახსოვს, პირველად რომ წავედი ნაკრების თამაშზე, 2018 წელს, მეორე ავტოგოლი გავიტანეთ, მეორე იარუსზე ვიყავი და ისე ვყვიროდი, ლამის იქიდან გადმოვვარდი. ერთ-ერთმა უცხოელმა ბლოგერმა ეს დააფიქსირა.
აგვისტოში „ნაპოლიმ“ გოლი რომ გაიტანა, ვიღაცამ მომწერა, მე 1 წუთის დაგვიანებით ვუყურებდი და გოლი რომ გავიდა, მივხვდი, რომ კვარაცხელიამ გაიტანა, რატომ დამასპოილერეო, ამაზე ბევრი ვიცინე.
- თავად ფეხბურთელებს როგორი რეაქცია აქვთ ამაზე?
- სულ ეხმაურებიან ჩემს რეაქციებს, ხალისობენ. ახლახან, მაკედონიასთან მეორე გოლი რომ გაიტანა ხვიჩამ, მანდაც სასწაულად ვყვიროდი. თამაში რომ დასრულდა, კვარას მესიჯი მივიღე, ნელა, ბიჭი, არ დაიბრიდოო. ძირითადად, სულ კარგი გამოხმაურებებია.
- და ბოლოს, პირადში რა ხდება?
- პირადში არაფერი ხდება და არც რამე ყოფილა. მინდა, რომ ჯერ გარკვეულ მიზნამდე მივიდე. გოგოს ყურადღება და პატივისცემა სჭირდება, კვირაში რამდენჯერმე უნდა ნახო. მგონია, ამას ახლა თუ შევეჭიდები, გავიფანტები. მეკითხებიან ხოლმე, შეყვარებული რანაირად არ გყავსო - არ მყვარებია არავინ. ერთხელ ჩემმა დამ მითხრა, შეყვარებული არ უნდა ეძებო, შეიძლება, უცებ და მოულოდნელად გამოჩნდესო, მეც ასე ვფიქრობ.