1794553553
მამშვიდებს ის, რომ მთავრობა ჩართულია, საქმე პირადად პრემიერის კონტროლზე იქნება - საბა ლაზიშვილის მამა
21 წლის მოჭიდავის საბა ლაზიშვილის მამის ანზორ ლაზიშვილის ინფორმაციით, აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებული საქმე პრემიერ-მინისტრის პირადი კონტროლის დონეზეა აყვანილი. როგორც ლაზიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ელის, რომ მისი ვაჟი და მასთან ერთად, UFC-ის მებრძოლი მერაბ დვალიშვილი დღეს თავისუფლები იქნებიან.
„დამიკავშირდნენ მთავრობის მაღალი ეშელონებიდან. ვიცი, რომ დღეს პრემიერი ჩამოვა და ჩაერთვება. საქმე პირადად პრემიერ-მინისტრის კონტროლზე იქნება. ვარ იმედიანად, რომ დღეს გარეთ გამოვლენ. როგორც ვიცი, შესაბამისი უწყებებისთვის დავალებები მიცემულია და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი რიგზე იქნება. დღეს გარეთ უნდა გამოვიდნენ. ხვალ აბუ-დაბიში ჭიდაობა ტარდება და ბიჭმა უნდა იჭიდაოს. მამშვიდებს ის, რომ მთავრობა ჩართულია. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება“, - განაცხადა ანზორ ლაზიშვილმა.











