„მამაკაცი ყველანაირად სასურველ ქალთან ურთიერთობის დაწყებიდან რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგ მთლიანად კარგავს ინტერესს" - ფსიქოლოგი მიზეზზე საუბრობს

ნიკო ამბოკაძე

რატომ კარგავენ მამაკაცები ქალთან ურთიერთობის ინტერესს – ამ თემაზე ფსიქოლოგმა ნიკო ამბოკაძემ სალომე კასრაძის პოდკასტში ისაუბრა. მისი თქმით, ხშირ შემთხვევაში ურთიერთობის დასაწყისში მთავარი
მამოძრავებელი მხოლოდ ვნება და ლტოლვაა, რომელიც დროთა განმავლობაში ბუნებრივად სუსტდება.

„ხშირ შემთხვევაში მამაკაცი სტანდარტებში ყველანაირად სასურველ ქალთან ურთიერთობის დაწყებიდან რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგ მთლიანად კარგავს ინტერესს. ყველაზე ხშირი მიზეზი ღირებულებებსა და სურვილებში აცდენაა. თუ ურთიერთობის წამყვანი მხოლოდ ლტოლვითი კომპონენტებია და ამით იწყება ყველაფერი, ვნების გადავლასთან ერთად აღმოჩნდება, რომ ამ ადამიანთან რეალურად არაფერი გაკავშირებს.
ვნება ძალიან ძლიერი ემოციაა – ბევრად მძაფრი, ვიდრე სიყვარული. სიყვარული სტაბილური მდგომარეობაა, ვნება კი ეიფორიაა, რომელიც დროებითია. როცა ლტოლვა გადაივლის, ადამიანი რჩება პიროვნებასთან, რომლის შინაგან სამყაროსთან შეიძლება საერთოდ ვერ იპოვო კავშირი – აღარ გაქვს სალაპარაკო, აღარ გაქვს ემოციური სიახლოვე.

ხშირად მამაკაცები ძალიან სწრაფად აკეთებენ არჩევანს და მხოლოდ ერთ კრიტერიუმს აფასებენ – გარეგნობას. ფიქრობენ, რომ თუ ლამაზი ცოლი ეყოლებათ, ბედნიერები იქნებიან. შედეგად ვიღებთ სურათს, როცა ადამიანს
ჰყავს ლამაზი ცოლი, აქვს კარგი სამსახური, მანქანა, სტატუსი, მაგრამ არ აქვს ემოციური სიახლოვე. ასეთ ურთიერთობაში ქალი და კაცი ერთად არიან, მაგრამ ორივე მარტოსულია.

მამაკაცს ურთიერთობაში სჭირდება განცდა, რომ ის საყრდენია ქალისთვის, ისევე როგორც ქალს სჭირდება ემოციური უსაფრთხოება. ეს არ ნიშნავს მხოლოდ მატერიალურ უზრუნველყოფას – საუბარია შინაგანი სამყაროს გაზიარებაზე, შეფასებების გარეშე. როდესაც მამაკაცს მუდმივად ეუბნებიან, რა არის სწორი და
რა არასწორი, ან მის ნაცვლად იღებენ გადაწყვეტილებებს, იქ პატივისცემის განცდა იკარგება.

პატივისცემა მამაკაცისთვის ნიშნავს მისი პიროვნების, საზღვრებისა და დამოუკიდებლობის გათვალისწინებას. ის მეუღლემდე იყო დამოუკიდებელი ადამიანი და ეს უნდა დარჩეს ურთიერთობაშიც. ურთიერთობის კრიზისი უმეტესად
არ არის ერთი მხარის ბრალი. პრობლემა ისაა, რომ ურთიერთობის საწყის ეტაპზე არ ხდება გულწრფელი საუბარი და ყველაფერი მხოლოდ გარეგნობასა და მატერიალურ ფაქტორებზეა აგებული“, – ამბობს ფსიქოლოგი.