პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
შარშან ამ დროს ვინ იფიქრებდა, რომ მაქსიმ გალკინი საქართველოში, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ქართველების შეკრებას შეძლებდა, მათთან ქართულად "იშუტკავებდა" და ორ სიმღერასაც ქართულად შეუსრულებდა მსმენელს. არადა, ეს ორი დღის წინ იყო. 11 თებერვალს დიდი საკონცერტო დარბაზი, რუსმა სატირიკოსმა გულიანად აცინა და ქართველების გული, ოთარ რამიშვილის სიმღერების შესრულებითაც მოიგო.
კონცერტი თავისი მსოფლიო ტურნეს (ასევე ჩაატარა ისრაელში, ამერიკაში, პოლონეთში...) ფარგლებში ჩაატარა.
საინტერესოა, იუმორისტმა სიმღერები ბატონი ოთარის რეპერტუარიდან რა პრინციპით შეარჩია. ან შესრულებისა და საავტორო უფლების ნებართვა მოიპოვა, თუ ასე, თავისი ნებით იმღერა და დარბაზი აიყოლია, შესული თანხა კი, უკრაინელი დევნილების დასახმარებლად გადაგზავნა.
"მადლობა, ჩემი მაყურებელო, ასეთი გულმხურვალე მიღებისთვის. თბილისში ჩატარებული კონცერტი დაუვიწყარი იყო" - კონცერტის შემდეგ დაპოსტა სოციალურ ქსელში.
გალკინი შეეცადა "ბულბულის სტვენა" და "ფუტკარი, როგორც აფთიაქარი", თითქოსდა, ჩვენი კოლორიტი ავტორ-შემსრულების მანერაში შეესრულებინა. მოკლედ, "პრაიმტაიმი" მუსიკოსის ვაჟს, ადვოკატ მიხეილ რამიშვილს დაუკავშირდა...
მიხეილ რამიშვილი: არ ვიცოდი ამ კონცერტის შესახებ, მამიდამ დამირეკა და მითხრა. სიმღერების შესრულებასთან დაკავშირებით, ჩვენ, ოჯახს არ დაგვკონტაქტებიან. საავტორო უფლებების ასოციაციიდან თუ აიღო ნებართვა, არც ეგ ვიცი.
სიმართლე გითხრათ, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ იმაში, რომ გალკინმა ოთარის სიმღერები შეასრულა. მისი პოლიტიკური შეხედულებიდან და ნიჭიერებიდან გამომდინარე, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.
რაც შეეხება კონკრეტულად ამ ორი სიმღერის არჩევას, ეტყობა, მის იუმორისტულ ნომრებს თუ შარჟებს, დაუკავშირა და მათი არჩევა, განპირობებული იყო სწორედ ამ ორი სიმღერის ტექსტით და შინაარსით. მით უმეტეს, საუკეთესო მელოდიები აქვს ამ სიმღერებს. სხვას ვერ გეტყვით, რატომ აარჩია. კონცერტს არ ვესწრებოდი.
ამ ჟესტით მან ჩვენდამი პატივისცემა გამოხატა, როდესაც ქართველი ხალხის საყვარელი სიმღერა, მისი ნაწილი ჩასვა თავის კონცერტში. მისგან მართლა კეთილსინდისიერებაა ის, რომ ამ კონცერტიდან შემოსულ თანხას რიცხავს უკრაინის სასარგებლოდ. ის ფულზე არ იყიდება და თავისი შემოქმედებით თავისუფალია. მისი საქციელი დიდი ადამიანობაა.
ძალიან სასიამოვნოა ეს ფაქტი ჩემთვის. მამა რომ ცოცხალი ყოფილიყო, ძალიან კმაყოფილი იქნებოდა ამ ფაქტით და გალკინის კონცერტსაც დაესწრებოდა. "პერესტროიკის" დროს, რუსეთიდან გარკვეული ადამიანები რომ ჩამოდიოდნენ, მამას მათთან ჰქონდა კომუნიკაცია.
გალკინი კარგი იუმორისტია, თავისი სტილი და ნიშა აქვს, თავისი პოლიტიკური შეხედულებებით და ქცევით მისაღები პიროვნებაა ჩემთვის. ის კრემლის და რუსეთის პრეზიდენტის წინააღმდეგია დღეს. ამიტომ მისი პოზიციიდან გამომდინარე, მე არც მექნებოდა იმის სურვილი, ის მოსულიყო და ჩემგან ამ სიმღერების შესრულების ნებართა აეღო.