1728194938
მაია ჩიბურდანიძე იუბილარია
ლეგენდარულ მოჭადრაკეს, მაია ჩიბურდანიძეს 62 წელი შეუსრულდა.
მაია ჩიბურდანიძემ ჭადრაკის თამაში ქუთაისში დაიწყო. 13 წლის ასაკში მისი დებიუტი ბრაშოვში, ქალთა საერთაშორისო ტურნირზე შედგა. 1976 წელს მაია ჩიბურდანიძემ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი მოიგო, ერთი წლის შემდეგ კი საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა. 17 წლის ასაკში მაია ჩიბურდანიძე მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი გახდა, 1978 წელს მან მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი 8,5:6,5 დაამარცხა.
ნანა ალექსანდრიასთან, ირინა ლევიტინასთან, ელენა ახმილოვსკაიასთან და ნანა იოსელიანთან ჩატარებული პაექრობების შემდეგ, მაია ჩიბურდანიძე მსოფლიოში უძლიერესი მოჭადრაკის გვირგვინს 14 წლის განმავლობაში ინარჩუნებდა. მაიამ ჩემპიონის ტიტული 1991 წელს მანილაში, ჩინელ სიუ ჟუნთან პაექრობისას დათმო. 1997 წელს კონტინენტის ჩემპიონი გახდა. მაია ჩიბურდანიძე საჭადრაკო ოლიმპიადების ცხრაგზის გამარჯვებულია. ეს შედეგი ქალთა შორის დაფიქსირებული საუკეთესო მაჩვენებელია. ჩიბურდანიძე ყოველთვის პირველ დაფაზე თამაშობდა და ოთხჯერ მცირე ოქროს მედალიც მოიპოვა. საჭადრაკო ოლიმპიადებზე მაიას მიერ ჩატარებული 167 პარტიიდან მის ანგარიშზე 125,5 ქულაა.