მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებლებისთვის დასაქმება მარტივდება - დღეიდან სპეციალური პროგრამა ამოქმედდა

დასაქმება

სამასპინძლო ბიზნესი, კვების მრეწველობა, სოფლის მეურნეობა - ეს იმ მიმართულებების არასრული ჩამონათვალია, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება. პროგრამა ფართო სპექტრზეა გათვლილი - პროფესიული უნარების გათვალისწინებით და ნებისმიერი გამოცდილების მქონე სრულწლოვანი პირებისთვის. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა შშმ პირების დასაქმებას.

ფინანსური მხარდაჭერა, ადგილობრივი კადრების შერჩევა და გადამზადება - პროგრამის მიხედვით სააგენტო იმ დამსაქმებლებს დაეხმარება, რომლებიც მაღალმთიან რეგიონში მოქმედი საწარმოს სტატუსს ფლობენ. ხელშეწყობა ასევე ითვალისწინებს სუბსიდირებას - სამი თვის განმავლობაში სახელმწიფო შერჩეული კადრის ანაზღაურების 50%-ს დააფინანსებს. მხარეებს შორის გაფორმდება სავალდებულო 6 თვიანი შრომითი ხელშეკრულება. სააგენტო სრულად დააფინანსებს 6 თვიან ანაზღაურებად სტაჟირების პროგრამასაც.

სიახლე დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს ეკუთვნის. პროგრამით სარგებლობას ის პირები შეძლებენ ვისაც მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი აქვს. ქვეყნის მასშტაბით ეს შესაძლებლობა 250 000-ზე მეტი პირს ეძლევა.

საქართველოში მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ამ დროისთვის მინიჭებული აქვს 1801 დასახლებას. პროგრამით სარგებლობის მსურველებმა უნდა მიმართონ დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს სერვისცენტრებს ან ისარგებლონ სპეციალური ცხელი ხაზით.