VIDEO: კენჭისყრა დაიწყო - პირდაპირი ეთერი სამებიდან
1778497810
სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება იმართება, რომელზეც საქართველოს ახალ კათოლიკოს-პატრიარქს აირჩევენ.
კრება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდით დაიწყო.
ტაძარში სტუმრებისა და დელეგატების მიღება 10:00 საათიდან მიმდინარეობდა და 12:00 საათამდე გაგრძელდა, შემდეგ კი გაფართოებული კრება დაიწყო.
საეკლესიო კრებას 1 200-მდე დელეგატი ესწრება. კრებაზე დაგეგმილია საპატრიარქო ტახტის კანდიდატების სიტყვით გამოსვლები, სიტყვით გამოვლენ ეპარქიებიდან წარმოდგენილი დელეგატებიც. ასევე, ერთ-ერთი მეცნიერი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტიტულთან დაკავშირებით გააკეთებს ისტორიულ მიმოხილვას.
პატრიარქობის კანდიდატები არიან: კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი), ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი).
კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის კენჭისყრაში მონაწილეობენ მხოლოდ მღვდელმთავრები. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს კრების მონაწილე მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე მეტს, ამ შემთხვევაში 20 ხმას.
სრულიად საქართველოს 141-ე კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
@primetime.ge საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე მივიდა
♬ original sound - Prime Time • პრაიმ ტაიმი
მოხსენებების ნაწილი საზოგადოებისთვის ღია იქნება. სამების საკათედრო ტაძრის ეზოში დამონტაჟებულია ეკრანები, რათა ადგილზე მისულმა მრევლმა თვალი ადევნოს პროცესს.
ასევე საზოგადოებისთვის ღია იქნება კენჭისყრის პროცესი - მომენტი, როცა ეპისკოპოსები სასურველ კანდიდატს მისცემენ ხმას, ხოლო ხმის დათვლი პროცესი დაიხურება.
ხმის დათვლის შემდეგ, როდესაც გაცხადდება კანდიდატი, რომელმაც ხმების უმრავლესობას მიიღებს და გახდება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, აღდგება პირდაპირი ეთერი და მაყურებელს შესაძლებლობა ექნება, გაიგოს არჩეული პატრიარქის ვინაობა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტს სამი კანდიდატი ჰყავს - საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, მეუფე შიო, ასევე რუს-ურბნისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი.
რაც შეეხება ინტრონიზაციის საკითხს, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა განმარტა, რომ თარიღს თავად არჩეული კანდიდატი დაასახელებს. თუმცა აღსანიშნავია, რომ, დადგენილების მიხედვით, პატრიარქი თავის უფლებამოსილებას 17 მაისს უკვე უნდა ასრულებდეს.