„კოვიდის საფრთხე არსად წასულა“ - როდის იქნება სავარაუდოდ, შემდეგი ტალღა

giorgi pkhakadze

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ეპიდსიტუაციაზე წერს და საზოგადოებას აცრისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

მისივე თქმით, კოვიდის საფრთხე არსად წასულა და აუცილებელია დავიცვათ რეკომენდაციები.

„კიდევ ერთი მეცნიერული მტკიცებულება (უკვე მერამდენე), რომ „ფაიზერის“ და „მოდერნას“ ვაქცინები არის უსაფრთხო და რაც მთავარია, მე-3 დოზა იცავს ინფიცირებისგან დელტას შემთხვევაში 91%-ით და ომიკრონის შემთხვევაში - 60%-ით.

საქართველოში ფაიზერის ვაქცინის ახალი პარტია შემოვიდა. დროზე აიცერით, რომ ივნისს/ივლისის კოვიდ აფეთქებას შეიარაღებული შეხვდეთ.

რუსეთი ცდილობს, ჩვენ ვიყოთ შეიარაღების გარეშე და „გვტენის” თავისას და თავისი „ძმაკაცის” ნაგავს (ვაქცინებზე და შეიარაღებაზე მაქვს საუბარი).

ფაქტია, რომ ამერიკული და გერმანული ვაქცინები და იარაღი არის 21-ე საუკუნის თანამედროვე შეიარაღებადა, დიახ, გვაქვს მეცნიერული მტკიცებულება, რომ ამერიკული და გერმანული ვაქცინები არის უსაფრთხო და საკმაოდ ეფექტური. დამანახვეთ, მეცნიერული მტკიცებულება, რომ რუსული და ჩინური ვაქცინები ეფექტურია. ასეთს ვერ ნახავთ, ვინაიდან მტკიცებულება არ აქვთ! ჩვენ ვხედავთ მარტო „კრემლოვიჩების" პროპაგანდას ყოველგვარი მეცნიერული მტკიცებულებების გარეშე, თუ, რა თქმა უნდა, არ ჩავთვლით შარლატანებს, მაგებს, ასტროლოგებს, ბალახების გამყიდველებს, უფოლოგებს და მოსკოვში ნასწავლ “მეცნიერებს”…

რუსული და ჩინური პროპაგანდა არის დაძველებული, კომუნისტური იდეოლოგიით გაჟღენთილი შხამი. საქართველოს სჭირდება 21-ე საუკუნის დასავლური თანამედროვე თავდაცვითი შეიარაღება (ვაქცინები და სამხედრო შეიარაღება) ყველა იმ საფრთხეების წინააღმდეგ, რომელიც ჩრთილოეთიდან მოდის

აიცერით „ფაიზერით“ ან მოდერნას ვაქცინებით, დაიცავით დისტანცია, გამოიყენეთ სამედიცინო პირბადეები და შენობები ხშირად გაანიავეთ. კოვიდის საფრთხე არსად წასულა, ისევე როგორც რუსეთის. შეირგეთ აპრილი/მაისი და მოემზადეთ ივნისს/ივლისისათვის,“ - წერს გიორგი ფხაკაძე.