„კივილი იყო, ყველა ტიროდა ექიმიან, მაშველიან-პატრულიანად“ - რას ამბობს მეზობელი, რომელიც გლდანში უბედურ შემთხვევას შეესწრო

გლდანში, ნამწვი აირის ინტოქსიკაციის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის გარდაცვლილია 3 მცირეწლოვანი და ორი მოზრდილი.

შემთხვევა გლდანის 2 მ/რ-ის, 47ა კორპუსში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, დაღუპულები ერთი ოჯახის წევრები - დედ-მამა და სამი არასრულწლოვანია.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, სახლში გაზის ე.წ. კამფორები და აირღუმელი ჰქონდათ ჩართული ტანსაცმლის გასაშრობად. ბავშვები 12, 5 და 4 წლისები იყვნენ. ბინაში ოჯახი 3 დღის გადასული იყო.

ერთ-ერთი მეზობელი იხსენებს, თუ რა ხდებოდა სადარბაზოში მაშინ, როდესაც ცხედრები აღმოაჩინეს. როგორც იგი „პრაიმტაიმს“ უყვება, გარშემო ყველა ტიროდა. 

„ისეთი საცოდაობა იყო, შიგნით ვერ შევედი, მაშველები სახურავიდან გადავიდნენ და ფანჯარა გარედან გააღეს. კივილი იყო, ყველა ტიროდა ექიმიან, მაშველიან-პატრულიანად. იძახოდნენ ყველა დახოცილია ცეოთიო . გაზის დუხოვკა იყო ანთებული და გამოღებულიო, სავარაუდოდ,ტბგ5ფვრ ასე თბებოდნენ საწყლები, საშინელება ხდებოდა“,- ამბობს მეზობელი ჩვენთან საუბრისას. 

ამასთან, გავრცელებული ცნობით, ოჯახის წევრები, სავარაუდოდ, 3 დღის გარდაცვლილები იყვნენ. ცხედრები ერთ-ერთი გარდაცვლილის დამ აღმოაჩინა, რომელიც ოჯახთან დაკავშირებას 2 დღის განმავლობაში ცდილობდა.

მომხდარ ფაქტზე, შსს-მ გამოძიება 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც ორი ან მეტი პირის გარდაცვალება მოჰყვა.