"ხილვა მქონდა, ჩემი დამწვარი ბინა კანკალებდა და მეუბნებოდა, მცივა და მტკივაო! გული მომიკვდა" - როგორ ცხოვრობს ეზოთერიკოსი, რომელსაც ახალი წლის ღამეს ბინა დაეწვა

maia

ეზოთერიკოს მაია ყუფარაძეს სახლი ახალი წლის ღამეს დაეწვა. პიროტექნიკა სახლში შეუვარდა, ალი ოთახს უცებ მოედო, თავად კი, მეზობლის ძალისხმევით, სამ ძაღლთან ერთად დროულად გამოასწრო.

დეკანოზი პეტრე კვარაცხელია წმინდა მიწაზე იმყოფებოდა, ორ დღეში, სამშობლოში დაბრუნებულმა კი, პირველი რაც გააკეთა, განადგურებული სულიერი შვილის მონახულება იყო. შემდეგ კი კეთილ მოყვასს, მაიას დასახმარებლად გაერთიანება სთხოვა.

დამწვარი სახლის იმ კედელზე, სადაც ჯვარცმა და ხატები ეკიდა, შავ კონტურებად გადავიდა ჯვარი და მაცხოვარი კრავით... მაიამ ეს ახლიდან დაბადების ნიშნად მიიღო და ფეხზე წამოდგომა დაიწყო. ჯერ მეგობარმა შეიფარა, შემდეგ - ნათესავმა. და როგორც "პრაიმტაიმს" უყვება, გუშინ დამწვარი ბინაც კი ნახა ხილვად. 

მაია ყუფარაძე: ფენიქსივით ვიწყებ ფერფლიდან აღდგომას და ცხოვრებას ახალი ფურცლიდან. ახლა ნათესავთან ვცხოვრობ. გავყიდე ავტოფარეხი და მთელი ცხოვრების ნაოცნებარი ავეჯი, "რენესანსი" შევიძინე. ბინის დაწვა გახდა იმისთვის საჭირო, რომ მე ეს ავეჯი მეყიდა-მეთქი, ვამბობ. თხუთმეტი წელია რომ საწოლზე არ მიძინია და მისაღებ ოთახში დივანზე მეძინა, ახლა საწოლიც მაქვს. აი, ასეა, მინუსს პლუსებიც აქვს, მედალს - ორი მხარე.

გუშინ დილის შვიდ საათზე ხილვა მქონდა. ვნახე, ჩემი დამწვარი ბინა კანკალებს და მეუბნება, მცივა და მტკივაო! გული მომიკვდა. როგორც ადამიანზე, ისე ვიტირე და განვიცადე. შემეცოდა. თითქოს უსულოა, მაგრამ არა, იქ ჩემი ენერგეტიკაა, ჩემი ცხოვრება და სიხარული სუფევს. ახლა მკვდარია, ჩემი ბინა ჩემს ნაცვლად გარდაიცვალა. გარდაცვლილი მელაპარაკებოდა, კინაღამ შევიშალე. 

კარი არა, ფანჯარა არა, დაფერფლილია... მკვდარია, აბა, რა არის...

ჩემი ბინის მშენებელი უდიდესი კომპანიისგან ასეთი უყურადღებობა მიკვირს. არადა, ხომ ვიცი, რა ყურადღებიანი კომპანიაა, დიდ დღესასწაულებზე სულ გვახარებს. ხანძრის შემდეგ, სადარბაზო გაარემონტეს, მრიცხველები გამოცვალეს. მე კი უყურადღებოდ დამტოვეს. მხოლოდ თეთრი კარკასი რომ გამიკეთონ, არანაირ ფინანსურ ზარალს არ მიაყენებთ, ჩემთვის კი უდიდესი საჩუქარი იქნება...

უძლიერესი ქირომანტი და ტაროლოგი, რომელიც არ მიცნობს, ტელეფონზე მეუბნება: შარშან მოგკლეს, კარმული ვალები გაისტუმრეთ, სიკვდილს გამოსასყიდი მიეცით, თუმცა მისია რომ გააგრძელოთ, თავიდან დაიბადეთო. ისეთი რამეები მითხრა, მარტო მე რომ ვიცი, რომ უნდა მოხდეს... 

ხანძრით ჩემი ე.წ. განბანა მოხდა. ახლიდან დავიბადე. ტრაგედიაა, მაგრამ გარეთ რომ გამომიყვანეს, ვთქვი, მადლობა ღმერთო, რომ ყველაფერი ცუდი დაიწვა-მეთქი.

ახლობელმა მომიკითხა და ნელ-ნელა ფეხზე ვდგები-მეთქი, რომ ვუთხარი, ნელ-ნელა კი არა, ასე ჩქარა არავინ დამდგარა ფეხზეო. ბევრი დამიდგა გვერდით, ტანსაცმლით, ფულით, შემოთავაზებებით... 

ჩემში მოხდა გადაფასება. ჩემი სახლის ხანძარმა ბევრს დაუწვა ნიღაბი და ჩამოაძრო. მე რომ ყოვლის შემძლენი  მეგონნენ, შარშანდელი თოვლივით სწორედ ისინი გაიპარნენ ჩემი ცხოვრებიდან.

მერე გამახსენდა ის ქალი, ქრისტეს ბოლო მონეტა რომ მისცა, ბოლო მონეტიანი ხალხი დამიდგნენ გვერდით. ამიტომ მიყვარს უბრალო ხალხი. ვიღაც უცხო ქალბატონმა 15 ლარი ჩამირიცხა ტელეფონის ანგარიშზე. ამეტირა. რომ ვიცი, ბოლო კაპიკით რომ შლიდნენ სადღესასწაულო სუფრას, მე კი მაინც მირიცხავდნენ ლარს, ორ ლარს. იკლებდნენ და მირიცხავდნენ. ცეცხლწაკიდებული ბინა არ მიტირია, სიკეთე მატირებს. ადამიანი რომ იკლებს და გაძლევს, რომ გაგახაროს.

ღმერთო, დალოცე ჩემი ქართველები. მაინც კარგი ხალხი ვართ.

გონს მოვედი, მუშაობა გავაგრძელე. მაღაზიებმა სულ საჩუქრად ჩამაცვეს. მადლიერი ვარ. ასე რომ, ვალში ვარ ჩემს ხალხთან. მეც მიყვარს, როდესაც სხვას სიკეთეს ვუკეთებ. ეტყობა, ეს სიხარული დამიბრუნდა...