1733083542
„სულ ნიკაზე ნერვიულობდი და მაინც მისი ხელით წახვედი...“ - თბილისში მოკლულ ქალს ემშვიდობებიან
შვილის მიერ მოკლულ 49 წლის ნინო ხოჭოლავას მეგობრები და ახლობლები ემშვიდობებიან.
„სულ ნიკაზე ნერვიულობდი და მაინც მისი ხელით წახვედი ამ ქვეყნიდან, ჩემო გოგო... მშვიდად განისვენეთ დედა-შვილმა“.
„ნინ, ჩვენ არასდროს დაგვჭირვებია ერთმანეთისთვის იმის მტკიცება თუ როგორ ვგმობდით ყველანაირ ძალადობას, როგორ გვიყვარდა და ვუფრთხილდებოდით ერთმანეთს, ჩვენს შვილებს, ოჯახის წევრებს, მეგობრებს, კოლეგებს, მეზობლებს, ახლობლებს ...
დღეს, რაც ჩვენს უსაყვარლეს საქართველოში ხდება, მეც შენთან ერთად დაუჯერებელი ძალადობის მსხვერპლად ვიქეცი, რომელმაც შენი თავი, შენივე შვილის ხელით წამართვა ...
როგორი გადამკვდარი დედა იყავი, რამდენი იბრძოლე ნიკას სწორად აღზრდისთვის და ლამაზი მომავლისთვის! ამ მძიმე ბრძოლაში, ასე ტრაგიკულად და უსამართლოდ დამარცხდით დედა-შვილი და ყველა ჩვენ, თქვენი კეთილის მსურველნი!
შემზარავია შენი სისხლით გასვრილი ხელებით ჩაწერილი ნიკას ვიდეორგოლის ყურება, რომელსაც ამ წუთისთვის 20 000-მდე მოწონება აქვს და 100 000-მდე გადაზიარება ... ამ ციფრების გააზრება თქვენთვის მომინდია...
მშვიდობით, ჩემო გოგო და მომავალ შეხვედრამდე!
მაპატიე , რომ არ ვიყავი შენ გვერდით , როცა ყველაზე ძალიან გტკიოდა შენი ნიკას ხელებით მოყენებული ჭრილობები.. გვიყვარდეს და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“, - წერენ მოკლული ქალის მეგობრები.
ცნობისთვის, დედის მკვლელობის შემდეგ, ახალგაზრდამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე და სსკ-ის 109-ე მუხლებით დაიწყო.