ხანძრის მეშვიდე დღე - რა ხდება ბორჯომის ტყეებში

ბორჯომის ხანძარი

ბორჯომის უნიკალურ ტყეებში ერთი კვირაა, ხანძარს ებრძვიან. სტიქიის მეშვიდე დღეს, 24-საათიან რეჟიმში, იქ ისევ ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს. ხანძარი ქვეყნის სამხრეთ ნაწილს ისევ აგრესიულად უტევს.

ფიჭვის, სოჭისა და ნაძვის წიწვოვან ტყეს, ახლა ცეცხლი უკვე ახალციხის მუნიციპალიტეტშიც უკიდია. თუმცა, შსს-ს ინფორმაციით, წითელ ზონას ცეცხლის პერიმეტრი არ სცდება.

ბოლო მონაცემებით, ოფიციალურად, ბორჯომ -ახალციხის გზაზე ცეცხლი 150 ჰექტარ ტყესაა მოდებული. მათ შორის, არის ფოთლოვანი და წიწვოვანი ნაწილი. ბორჯომში გაჩენილი ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი, ისევე როგორც ზარალის ოდენობა, უცნობია.