„კარგი, რა! 2 კოვზი შაქარი მაქვს ჩაყრილი და ამის ისე დატოვება იქნება-თქო?“ - როგორ გაამხიარულა ექთანმა აბიტურიენტი გამოცდაზე შესვლის წინ

აბიტურიენტი

საქართველოში ეროვნული გამოცდები დასრულდა. საგამოცდო ცენტრთან თუ უშუალოდ ტესტირების დროს, არაერთი მხიარული და საინტერესო ფაქტი ხდება ყოველ წელს.

გამოცდების ეროვნული ცენტრი  ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრის ექთნის შესახებ წერს, რომელიც აბიტურიენტს ამოციური ფონის დაძლევაში დაეხმარა. 

„რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი გოგონა, რომელიც გამოცდას აბარებდა, მაღალი ემოციური ფონის გამო ცუდად გაგვიხდა. რა აღარ ვცადეთ: სხვადასხვა სამედიცინო პროცედურა, დამამშვიდებელი - მაინც სულ გაყინული იყო... კანკალებდა, ვერაფრით გავათბეთ. ბოლოს გადავწყვიტეთ, მისთვის ცხელი ჩაი მოგვემზადებინა - პირი არ დააკარა.

„კარგი, რა! 2 კოვზი შაქარი მაქვს ჩაყრილი და ამის ისე დატოვება იქნება-თქო?“ - ვუთხარი. ისეთი სიცილი აუტყდა, სულ გადაავიწყდა ავად ყოფნა და გამოცდაზეც სრულიად დამშვიდებული შევიდა.

განსაკუთრებულად ბევრი კურიოზი იმ წელს უკავშირდება, როცა ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრის ექიმი ჩვენი დროის „დიმიტრი გელოვანი“ გახლდათ - გიორგი მხეიძე - ძალიან სიმპატიური, გონიერი, კეთილშობილი, არაჩვეულებრივი ახალგაზრდა. გამორჩეული გარეგნობის გამო შეუძლებელი იყო ყურადღების მიღმა დაგრჩენოდათ. მინდა გითხრათ, რომ იმ წელს ჩვენს ცენტრში მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი გოგონების მომართვიანობა, სამაგიეროდ, არც ერთხელ დაგვჭირვებია მედიკამენტით დახმარება - გიორგის გაღიმებისთანავე კარგად ხდებოდნენ.

უკვე ათი წელია ამ ცენტრში ვმუშაობ და გამოსაცდელის კლინიკაში გადაყვანის საჭიროება დღის წესრიგში თითქმის არასოდეს დამდგარა - ცხადია, ამას მხოლოდ სიტყვის ძალით ან იუმორით ვერ შევძლებდით. სამედიცინო პერსონალი ყველა შესაძლებელი გზით ვცდილობთ, რაც შეიძლება მოკლე დროში გამოსაცდელი ისე გამოვაჯანმრთელოთ, რომ გამოცდას არ გამოეთიშოს - როცა ამას ვახერხებთ, ყველაზე ბედნიერები ვართ.

ყველა იმ აპლიკანტს, რომლებსაც მე შევხვედრივარ ან მომავალში შევხვდები ჯანმრთელობას, სიხარულსა და წინსვლას ვუსურვებ! ",- ამბობს ექთანი.